შრომის ინსპექცია

"გვჭირდება მაღალი, გამხდარი გოგო" – შრომის ინსპექციამ საწარმო "დისკრიმინაციისთვის" დააჯარიმა

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, საწარმო დისკრიმინაციის გამო დააჯარიმეს. როგორც ისინი განცხადებაში განმარტავენ, დისკრიმინაციული შინაარსის ვაკანსიის გამო მათ გაფრთხილება მისცეს, თუმცა განცხადება მეორედაც გამოქვეყნდა.

"...ესაჭიროება ბუღალტერი 50 წლამდე გოგონა სრულ განაკვეთზე სამუშაოდ; მოთხოვნები: მაღალი, გამხდარი, პროგრამა ,,ფინაში“ მუშაობის გამოცდილება, წარმოებაში მუშაობის გამოცდილება; გთხოვთ სივი სელფთან ერთად გადმოგვიგზავნოთ მეილზე..." - შრომის ინსპექციის ცნობით, ეწერა განცხადებაში, რომელსაც კომპანიამ ხუმრობა უწოდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების მაგალითად დაასახელა.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, დისკრიმინაცია აკრძალულია როგორც შრომით, ასევე წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადებების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე, ასევე, დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ და რომელსაც არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება.

"სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურმა დაადგინა, რომ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმების მსურველ პირებთან მიმართებით ადგილი ჰქონდა ასაკის, სქესისა და გარეგნობის ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას, რისთვისაც სახდელის სახედ გამოყენებულ იქნა კანონით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგი ოდენობა და დამსაქმებელს გამოქვეყნებული ვაკანსიის ტექსტის ცვლილება დაევალა". - წერს შრომის ინსპექცია.

შრომის ინსპექციის სამსახური საწარმოს მოუწოდებს:

  • არ დაუშვან ვაკანსიის ტექსტში დისკრიმინაციული ენის მარკეტინგული თუ სხვა მიზნებისათვის გამოყენება;
  • არ შეუწყონ ხელი საზოგადოებაში ახალი სტერეოტიპული შეხედულებების დამკვიდრებას ან/და უკვე არსებულების გაძლიერებას;
  • გამონახონ „ოქროს შუალედი”, რომლითაც დაცული იქნება, როგორც აზრის თავისუფლება, ასევე იმ პირთა უფლებები, რომლებიც ამ თავისუფლების სამიზნეს წარმოადგენენ.

კომენტარები