ცოლის მკვლელობა

პროკურატურა: კაცმა 5 თვის ორსულ ცოლს დანით ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ორსული ცოლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

22 დეკემბერს, ვარკეთილში კაცმა დანით ორსულ ცოლს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
 
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და ვ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
   
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და გამოძიების ფარგლებში ასევე დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.

კომენტარები