კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში ომიკრონის ორი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ომიკრონით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვებინარზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძის ცნობით, კორონავირუსის ახალი შტამით, ომიკრონით ინფიცირების 10 საეჭვო შემთხვევას იკვლევდნენ, საიდანაც ორ პაციენტს დაუდასტურდა, – "რამდენჯერმე გადავამოწმეთ, როგორც სეკვენირებით, ასევე ტესტებით", – ამბობს ამირან გამყრელიძე

მისივე თქმით, ომიკრონით ინფიცირებული ორივე პირი საქართველოს მოქალაქეა, მათგან ორივეს აქვთ სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია – ერთს აშშ-ში, ხოლო მეორეს დუბაიში.

NCDC-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ორივე ინფიცირებული პაციენტი იზოლირებულია და მათი 26 კონტაქტის კვლევა მიმდინარეობს.

"ორივე ინფიცირებული გახლავთ ბინებში, თვითიზოლაციაში და ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი [...] ორივე ინფიცირებული ასაკით ახალგაზრდაა". – ამბობს ამირან გამყრელიძე NCDC-ის ვებინარზე.


კორონავირუსის ახალი ვარიანტი ომიკრონი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობითომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. ომიკრონის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს დელტა შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი.

ახალი ვარიანტის შემთხვევები ოფიციალურად 77 ქვეყანაში დადასტურდა. თუმცა ჯანმოს დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სავარაუდოდ, ომიკრონი უკვე უფრო მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. 


გასულ 24 საათში საქართველოში Covid 19-ით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 127 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.89%, ბოლო 14 დღის - 6.93%, ხოლო ბოლო 7 დღის - 6.39%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 34 238, საიდანაც 5 774 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 071 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 27 393 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 430, მათგან 314 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 910 456 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 863 076 პაციენტი და გარდაიცვალა – 13 116.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები