ინფლაცია

ნოემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.5% შეადგინა

Reuters

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.0%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.35 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (26.2%), პური და პურპროდუქტები (20.4%), რძე, ყველი და კვერცხი (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17.4%), თევზეული (16.0%), ხილი და ყურძენი (15.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.6%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.7%), ყავა, ჩაი და კაკაო (6.9%);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.2%-ით, რაც 2.5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (30.1%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.6%). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.3%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.5%-იანი მატება, რაც 1.68 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.2%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.2%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5%). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-2.0%).

2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს გადააჭარბა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, მაღალი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა და მას ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორებიცაა: ვენესუელა, სუდანი, სურინამი, იემენი და ზიმბაბვე. 

კომენტარები