ალექსეი ნავალნის მოწამვლა

Bellingcat: FSB-მ აღიარა, რომ ნომრები ნავალნის მოწამვლის გამოძიებიდან მის თანამშრომლებს ეკუთვნის

ალექსეი ნავალნი, ვლადიმირ პუტინი

Bellingcat-მა და The Insider-მა გამოაქვეყნეს ამონარიდები სისხლის სამართლის საქმიდან, რომელიც ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე პასუხისმგებელი პირების სატელეფონო კავშირების შესახებ წვდომის მოპოვებასთან დაკავშირებით არის აღძრული.

გამოცემების თანახმად, დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ნავალნის მოწამვლის გამოძიების დროს გამოაშკარავებული ტელეფონის ნომრები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) თანამშრომლებს ეკუთვნის.

ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს დადგენილება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2020 წლის 14 დეკემბერს საჯაროდ ხელმისაწვდომო გახდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ფოტოები და მონაცემები, რომლებიც "თითქოს და დაკავშირებული არიან რუსეთის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ნავალნი ა.ა.-ს ე.წ "მოწამვლასთან".

ასევე დოკუმენტში ნათქვამია, რომ "თანამშრომლების ვინაობის, კავშირების დეტალების, მათ მიერ გამოყენებული სააბონენტო ნომრების და საბაზო სადგურების განლაგების დადგენა შესაძლებელი გახდა მონაცემების უკანონოდ მიღებით სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან MTC-ი და მეგაფონი".

"შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრით, ფედერალური უსაფრთხოების სამსახური და საგამოძიებო კომიტეტი ადასტურებენ, რომ სარწმუნოა The Insider-ის და Bellingcat-ის მიერ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების დეტალიზაცია, რომელიც მოწამვლასთან მათი კავშირს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამამტკიცებელი საბუთი გახდა. ასევე დასტურდება რომ ეს მონაცემები მიღებული იყო არა "ამერიკული სპეცსამსახურებისგან", როგორც დეკემბერში პრესკონფერენციაზე თქვა პუტინმა, არამედ რუსული ოპერატორებისგან". – ამბობს The Insider-ი.

პირველ ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში დააკავეს სამი ადამიანი, რომლებმაც ნალავნის მოწამვლის გამოძიების ავტორებს სატელეფონო კავშირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. არსებული ვერსიით დაკავებულებმა ეს ინფორმაცია სასამართლოს ყალბი აქტებითა და პოლიციის თანამშრომლების ყალბი მოწმობებით მოიპოვებს. 3 ნოემბერს სამთავრობო მედიამ TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულებმა ბრალი აღიარეს.

14 დეკემბერს Bellingcat-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც The Insider-ი, CNN-ი, Der Spiegel და El Pais-ი მონაწილეობდნენ. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფი წლების მანძილზე უთვალთვალებდა ნავალნის და სწორედ FSB-ია პასუხისმგებელი ტომსკში ნავალნის მოწამვლაზე. გამოძიებაში თავად ალექსეი ნავალნიმაც მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები