უვიზო მიმოსვლა

საგარეო: გერმანიის პრეზიდენტმა უვიზოს შეჩერებაზე გავრცელებულ ცნობას FAKE NEWS უწოდა

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი EUobserver მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მოქალაქეების არალეგალური ცხოვრებისა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდის გამო, ევროკავშირი მათთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს. 

"დღეს, როდესაც აქ [კიშინიოვში] ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ ყალბი ამბებია".- ამბობს გერმანიის პრეზიდენტი საგარეოს ცნობით. 

აღნიშნული განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მტკიცებით, "ძალიან დიდი ტყუილია", რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს. მისი თქმით, საქართველო აღებულ ვალდებულებებს "პირნათლად ასრულებს" და არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებით არ ამოქმედდება.


EUobserver-ის ცნობით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, საქართველოს, უკრაინისა და  მოლდოვის მოქალაქეების არალეგალური ცხოვრებისა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების ზრდის გამო, ევროკავშირი მათთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს. გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია მათ მიერ ნანახ, 27 სექტემბრით დათარიღებულ შიდა ანგარიშში, რომლის შინაარსიც ცნობილი გახდა ევროპული კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის დასავლეთ ბალკანეთში დაგეგმილ ვიზიტამდე. 

საკითხის განხილვის ინიციატორები, როგორც ჩანს, გერმანია, საფრანგეთი და იტალია არიან. 

მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა 2009 წლიდან შეუძლიათ, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქეებს – 2010-დან, მოლდოვის მოქალაქეებს – 2014-დან, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს კი – 2017-დან. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გაჩერება 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ. 

უვიზო მიმოსვლა ევროპული კომისიის მიერ ითვლებოდა მნიშვნელოვან მიღწევად ევროკავშირსა და ბალკანეთის, ასევე აღმოსაველთ პარტნიორობის ქვეყნების შორის ურთიერთობების მხრივ.

თუკი ქვეყნიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნებისა და არალეგალური ცხოვრების შემთხვევები 50%-ზე მეტით გაიზრდება, მაშინ შეჩერების მექანიზმის მიხედვით, მსგავს ქვეყანას შესაძლოა მოეხსნას უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ასევე იგივე საფრთხე ემუქრებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების დაბრუნებაზე.

გავრცელებულ ანგარიშში გერმანიისთვის ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეები უცხოელთა კანონის დარღვევის მხრივ, პირველ 10 ქვეყანაში არიან. ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ამ ათეულში ალბანეთი მეორე ადგილზეა, უკრაინა მეხუთეზე, სერბეთი მეშვიდეზე, მოლდოვა მეცხრეზე, საქართველო კი მეათეზე. 

ანგარიშის მიხედვით, ბოლო 3 თვე 2019 წლის ამავე პერიოდს რომ შევადაროთ, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევები 51%-ით არის გაზრდილი. 

მოლდოვას მოქალაქეების მიერ ამ წლის ივნისი-აგვისტოში თავშესაფრის მოთხოვნები შედარებულია 2019 წლის ივნისი-აგვისტოს მონაცემებთან. წელს შემთხვევები 429%-ით არის გაზრდილი. 

"თუ ეს ქვეყნები გაუმჯობესებისთვის ბევრს არაფერს იზამენ, ჩვენი აზრით, ევროპულმა კომისიამ ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება რეალური შესაძლებლობაა", – წერია ანგარიშში. 

იტალია უკმაყოფილოა მოლდოვათი, საფრანგეთი ქართველებითა და ალბანელებით. 

უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების მიერ თავშესაფრის თხოვნის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება ჩეხეთშიც. 

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უვიზო მიმოსვლის საკითხს 13 ოქტომბერს განიხილავენ.

კომენტარები