ეკონომიკა

საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან $286 მილიონის სარეზერვო აქტივი მიიღო

IMF
Reuters

საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან [IMF] 286 მილიონი დოლარის ოდენობის სარეზერვო აქტივი [SDR] მიიღო

COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, სავალუტო ფონდმა დაბალ და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების დასახმარებლად 650 მილიარდი დოლარის ღირებულების ნასესხობის სპეციალური უფლება [SDR] გამოყო.

IMF-ის განმარტებით, SDR-ი არ არის საგარეო ვალი და ის სახელმწიფოს ვალდებულებად არ ერიცხება, არამედ ის სარეზერვო აქტივია, რომელიც თავად სავალუტო ფონდში ინახება და მისი გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, მაგალითად, ვაქცინების შესაძენადაა ნებადართული. 

SDR-ის განაწილება მიზნად ისახავს ქვეყნის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობას.  

"აღნიშნული ოპერაცია ზრდის ქვეყნის მთლიან საერთაშორისო რეზერვებს და, შესაბამისად, კრიზისის წინააღმდეგ ფინანსურად უფრო მდგრადს ხდის. SDR-ის ფლობა ქვეყანას საშუალებას აძლევს საერთაშორისო რეზერვების შესავსებად უფრო ძვირადღირებული საშინაო ან საგარეო ვალის აღება შეამციროს. ამავე დროს, SDR ქვეყნის უპირობო ვალდებულებაა. იგი საგადასახდელო ბალანსის აქტივებში აღირიცხება, ერთი მხრივ, როგორც სარეზერვო აქტივი, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც გრძელვადიანი ვალდებულება". – წერია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

წინა მსგავსი განაწილება 2009 წელს მოხდა, როდესაც IMF-მა წევრი ქვეყნებისთვის 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად 250 მილიარდი დოლარის ექვივალენტი SDR-ი განათავსა. განაწილების ამ რაუნდის დროს, საქართველომ 225.5 მილიონი დოლარის SDR-ი მიიღო.
 

კომენტარები