რუსეთის ეკლესია: აუცრელი კაცი სხვას კლავს და ამ ცოდვის სინანული მთელი ცხოვრება მოუწევს

მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი/პატრიარქი კირილე

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის თქმით, აუცრელ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსს სხვებს გადასდებენ და ამით მათი სიკვდილის მიზეზი გახდებიან, ამ ცოდვის გამოსყიდვა სიცოცხლის ბოლომდე მოუწევთ. ამის შესახებ მიტროპოლიტმა გასულ თვეს Россия 24-ის ეთერში ისაუბრა.

მიტროპოლიტი ამბობს, რომ ხშირად ხვდება ადამიანებს, რომლებიც არ აიცრნენ და შემდეგ ნანობენ, ჰყვებიან, რომ უნებურად სხვათა სიკვდილის მიზეზად იქცნენ.

"ისინი მოდიან და ამბობენ, ახლა როგორ ვიცხოვრო? მე კი მიჭირს თქმა, როგორ უნდა იცხოვრო ამით. მთელი ცხოვრება მოუწევთ ჩადენილი ცოდვის გამოსყიდვა". – თქვა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

მიტროპოლიტის განმარტებით, ცოდვაა, რომ ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, არ ფიქრობს სხვებზე. მიტროპოლიტი ილარიონი აღნიშნავს, რომ როდესაც ადამიანს ავადმყოფობა მსუბუქი ფორმით ან უსიმპტომოდ გადააქვს, არ ნიშნავს, რომ გადამდები არ არის.

"თითოეულ ჩვენგანს პასუხისმგებლობა გვაკისრია არა მხოლოდ საკუთარ თავსა და ჩვენს ახლობლებზე, არამედ ყველაზე ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს". – თქვა სასულიერო პირმა.

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსისგან 799 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირების 21 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში კორონავირუსის 6 512 859 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 167 241 ადამიანი.

კომენტარები