საგარეო ვაჭრობა

რუსეთიდან და თურქეთიდან იმპორტი გაიზარდა – რას ვყიდულობთ მეზობლებისგან

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 209.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.7%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 1 884.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს ( გაიზარდა 25.2%-ით), ხოლო იმპორტი 4 325.0 მლნ აშშ დოლარს ( გაიზარდა 18.9%-ით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-ივნისში 2 440.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.3%.

საქართველოში დსთ-ს ქვეყნებიდან იმპორტის 29.6% შემოდის, ხოლო 23.1% - ევროკავშირის ქვეყნებიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნიდან, თურქეთიდან იმპორტი თითქმის 31%-ით გაიზარდა. წინა წლის იანვარ-ივნისში თურქეთიდან იმპორტი 596 129 აშშ დოლარი იყო, წელს კი 779 602 აშშ დოლარამდეა. თურქეთის წილი მთლიან იმპორტში 18%-ია.

საქსტატის თანახმად, თურქეთიდან იმპორტი, დიდწილად, 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილების, მზა ნაწარმის, შავი ლითონების მილების და სატვირთო ავტომობილების იმპორტის ზრდის ხარჯზე გაიზარდა.

საქსტატი

იმპორტი რიგით მეორე იმპორტიორი ქვეყნიდან, რუსეთიდანაც 17.5%-ით გაიზარდა. თუ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთიდან იმპორტი 396 808 აშშ დოლარი იყო, წელს 466 056 აშშ დოლარია. რუსეთის წილი მთლიან იმპორტში 10.8%-ია.

რუსეთიდან საქართველოში გაზრდილია ნავთობის აირების და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების, მზესუმზირის ზეთის და სატელეფონო აპარატების იმპორტი.

საქსტატი

საქართველოს უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. თურქეთი - წილი მთლიან იმპორტში, 18%
  2. რუსეთი - 10.8%
  3. ჩინეთი - 8.4%
  4. აშშ - 6.2%
  5. აზერბაიჯანი - 5.8%
  6. სომხეთი - 5.3%
  7. გერმანია - 4.8%
  8. უკრაინა - 4.4%
  9. იტალია - 2.7%
  10. რუმინეთი - 2.1%

კომენტარები