კორონავირუსი საქართველოში

"მორგი და კოვიდ მისაღები ერთი და იგივე იყო"– მოქალაქის თქმით, მის წინ მიცვალებული ჩაასვენეს

"როგორც მერე მივხვდი, მორგი და კოვიდ მისაღები ერთი და იგივე იყო". – მოქალაქე წერს, რომ პირველ სამედიცინო ცენტრში ანალიზების ასაღებად მისულების წინ ექიმებმა გარდაცვლილის კუბოში ჩასვენება დაიწყეს. 

"დღეს დავბრუნდი კოვიდ გადასახლებიდან და გადავწყვიტე, დამეწერა ეს ამბავი. ამ ფოტოებზე პირველი სამედიცინო ცენტრის კოვიდ მისაღებია, სადაც კოვიდ სასტუმროდან წაგვიყვანეს პაციენტები ანალიზების ასაღებად. მაგრამ ეს პოსტი ანტისანიტარიაზე არაა. პაციენტები რიგში დაგვაყენეს, როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა და კუბო მოაყუდა კარებზე. ძალიან დავიბენი, მისაღებში კედელს ავეკარი და ჩემ წინ მდგომ საწოლს დავაკვირდი, და უცებ მივხვდი, რომ საწოლზე გარდაცვლილი ადამიანი იყო. ექიმებმა ჩვენ თვალწინ გარდაცვლილის კუბოში ჩაწვენა დაიწყეს. ამის პარალელურად ექიმები ჩვენს რეგისტრაციას განაგრძობდნენ. მე გამოვვარდი ტირილით, არ ვიცოდი, სად გავქცეულიყავი, როდესაც მიმღების კარებს მეორე კუბო მოაყუდეს. როგორც მერე მივხვდი, მორგი და კოვიდ მისაღები ერთი და იგივე იყო.

ანუ, ჩვენ ანალიზებს გვიკეთებდნენ და პარალელურად, ჩვენს დასანახად მიცვალებულებს კუბოებში ასვენებდნენ. არანაირი ანალიზი არ გამიკეთებია, რა თქმა უნდა, გამოვვარდი და ავტობუსში ჩავჯექი, რომ უკან წავეყვანე კოვიდ სასტუმროში. როდესაც სხვა ინფიცირებულები დაბრუნდნენ ავტობუსში, მითხრეს, რომ კიდევ ორი გარდაცვლილი გადაასვენეს მათ თვალწინ. ვერაფრით გამოვიდივარ ამ სტრესიდან და ვერ ვიშორებ ამ სურათს თავიდან, სულ ეს მიდგას თვალწინ და უფრო და უფრო ვბრაზდები, ასე როგორ უნდა გაწირო ავადმყოფი, რომ ამას აყურებინო". – წერს მოქალაქე.

კომენტარები