კონპენსაციის კანონპროექტი

20 ივნისს დაზარალებულები: ფინანსური ანაზღაურების მიღება თვითმიზანი არასდროს ყოფილა

ტბელ აბუსერიძე

20 ივნისს დაზარალებულები ოპოზიციური ფრაქციების ინიციატივას ეხმაურებიან, რომელიც მათთვის კომპენსაციის მიღებას გულისხმობს.  დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა მთლიანად ეწინააღმდეგება დაშავებულების ორწლიანი სამართლებრივი და პოლიტიკური ბრძოლის სულისკვეთებას. 

"ჩვენ, 20 ივნისს დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები, 2 წელია, ვითხოვთ ჩვენი შელახული უფლებების სამართლებრივ აღდგენას, დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო გარანტიების მიღებასა და შესაბამისი დამნაშავეების დასჯას. ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიცია. ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა კონკრეტული ფინანსური ანაზღაურების მიღება.

როგორც სახელმწიფო ძალმომრეობის და უსამართლობის მსხვერპლნი, ვალდებულად ვთვლით, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ბოლომდე ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ 20 ივნისის ღამეზე კონკრეტული სამართლებრივი შედეგი დადგეს, რაც გამოიხატება უკანონო ბრძანების გამცემი საჯარო თანამდებობის პირებისა და ამ ბრძანებების ამსრულებელი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების დასჯით, რადგან საათების მანძილზე დემონსტრანტების გამიზნული დასახიჩრება და დაზიანება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. კონკრეტული შედეგის დადგომა მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ მომავალში ვერცერთმა მთავრობამ ჩვენს ქვეყანაში ვეღარ გაბედოს გამიზნულად საათების მანძილზე ათეულობით და ასეულობით მოქალაქის დასახიჩრება და დაზიანება.

ამ მიზნის მიღწევა კი მოითხოვს 20 ივნისის საქმის კომპლექსურ და სრულფასოვან გამოძიებას, შესაბამისი პირების დასჯას და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას დაშავებულთათვის, რომლებიც არა ვინმეს კეთილი ნების, არამედ კანონის ძალით იქნებიან მოსარგებლენი სახელმწიფო რეაბილიტაციის გარანტიების და თუნდაც შესაბამისი ანაზღაურების.

სწორედ ზემოხსენებული მიზეზების გამო იყო მიუღებელი ჩვენთვის მიშელის შეთანხმების ის პუნქტი, რომელიც 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიას ეხებოდა და რომელზედაც ხელმოწერის შემდგომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ამნისტიის შედეგად დამდგარი შედეგი დაზარალებულებისთვის ნაკლებად მტკივნეული გახადოს, თუმცა მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ამ ორი წლის მანძილზე ოპერაციების, სულიერი და ფიზიკური ტკივილის გადატანის მთავარ მოტივაციას დაშავებულთათვის არა კონკრეტული ფინანსური დახმარების მიღება, არამედ საქმის გამოძიება და სიმართლის დადგენა წარმოადგენდა.

აქედან გამომდინარე, 20 ივნისს დაშავებულთა საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის კანონპროექტი წარმოადგენს წარუმატებელ პოლიტიკურ მცდელობას ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით მორალური სახის შენარჩუნების და მთლიანად ეწინააღმდეგება დაშავებულების ორწლიანი სამართლებრივი და პოლიტიკური ბრძოლის სულისკვეთებას.

ხელმომწერები: 

  • გიორგი სულაშვილი
  • დავით ქურდოვანიძე
  • მაკო გომური
  • ლუკა პეტრიაშვილი
  • დემეტრე ნაყოფია
  • გიორგი ბულისკერია
  • კობა ლეთოდიანი
  • ირაკლი ხვადაგიანი
  • ირაკლი ფავლენიშვილი
  • დავით ხვადაგიანი
  • ზაზა მღებრიშვილი

 


23 ივნისს, ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის და შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა პარლამენტში 19-21 ივნისის  დაზარალებულთა საკითხზე კანონპროექტი დაარეგისტრირეს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კომპენსაციის მიღების უფლება ექნებათ პირებს, რომლებმაც მიიღეს სხეულის ან ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება; ასევე პირებს (მათ ოჯახს), რომელთაც მიღებული დაზიანების მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის გასწიეს შესაბამისი ხარჯები.

კანონპროექტის მიხედვით, კომპენსაციის ოდენობა იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ სხეულის ან ჯანმრთელობის რა სახის დაზიანება მიიღო პირმა. კერძოდ, ცვლილებებით, პირებმა, რომელთაც მიიღეს სხეულის ან ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მათთვის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ერთჯერადად – 1 000 ლარით; პირებმა, რომელთაც მიიღეს სხეულის ან ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, მათთვის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ერთჯერადად 2 000 ლარის ოდენობით; პირებმა, რომელთაც მიიღეს სხეულის ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მათთვის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ერთჯერადად 3 000 ლარის ოდენობით;

ამასთან, პირებმა, რომელთაც მიიღეს სხეულის ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რასაც მოჰყვა მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, სხეულის ან მისი ნაწილის წარუშლელი დაზიანება ან ინვალიდობა, მათთვის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ერთჯერადად 12 000 ლარის ოდენობით, ასევე მათთვის გათვალისწინებულია ყოველთვიური კომპენსაცია 500 ლარის ოდენობით, სიცოცხლის ბოლომდე.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პირის მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის გაწეული ხარჯების სრულად ანაზღაურებას. 

კომენტარები