კრიპტოვალუტა

ჩინეთის მთავრობა კრიპტოვალუტის მაინერებს ქვეყნიდან აძევებს  

ფოტო: cryptodefinance.com

კომუნისტური მთავრობა კრიპტოვალუტის უმსხვილეს მაინერებსა და დეიტა ცენტრებს ჩინეთის ტერიტორიიდან აძევებს

გაძევების უახლესი ტალღა სიჩუანის პროვინციასა და შიდა მონღოლეთის რეგიონს შეეხო. აღნიშნულ ტერიტორიებზე მსოფლიოს უმსხვილესი მაინინგ ცენტრებია განთავსებული, რომლებიც გლობალური ჰაშრეიტის უმნიშვნელოვანეს წილს ფლობენ. 

ჩინეთის მიერ კრიპტოვალუტის მოხმარებისა და მაინინგის აკრძალვების ტალღა ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყო და თითქმის ყოველწლიურად მთავრობა ახალ შემზღუდავ რეგულაციებს აწესებს, თუმცა უახლესი აკრძალვების ტალღა სიმკაცრით უპრეცედენტოა. 

ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, ბიტკოინის მაინინგი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც ყოველწლიურად იზრდება. მაინერების მხრიდან მოთხოვნის მკვეთრი ზრდა კი სისტემის გადატვირთვას და რეგიონებში ელექტროენერგიის დეფიციტის გაჩენის საფრთხეს ზრდის. 

პეკინის ცინგუას უნივერსიტეტის პროფესორის, გუან დაბოს თქმით, მაინინგს ნეგატიური გავლენა აქვს გარემოზე, რადგან იაფ, არაგანახლებად ენერგიის წყაროებზე მომუშავე სადგურებიდან მიღებულ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა გარემოს აბინძურებს, სანაცვლოდ კი ის არავითარ სარგებელს არ ქმნის. 

"ბიტკოინის მაინინგს არანაირი სარგებელი არ მოაქვს ჩინეთის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის, სამაგიეროდ ის დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარს, რისი გამოყენებაც სხვა დანიშნულებითაც შეიძლება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ზოგიერთ პროვინციაში ელექტროენერგიის დეფიციტია". – თქვა დაბომ. 

უკანასკნელ დღეებში მსხვილი მაინინგ ცენტრების დახურვას გლობალური ჰაშრეიტის 15%-იანი ვარდნა მოჰყვა. 

გლობალური ჰაშრეიტის მაჩვენებელი.  წყარო: Blockchain.com

Coinbase-ის თანადამფუძნებლის, ფრედ ერსამის თქმით, უკანასკნელ 48 საათში ბიტკოინის 32 000 დოლარამდე გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ აღნიშნული მოვლენებია.

ექსპერტების ნაწილის შეფასებით, ჩინეთის მიერ მაინინგის აკრძალვა და ცენტრების დახურვა, გრძელ ვადიან პერსპექტივაში, კრიპტოვალუტის მომავლისთვის პოზიტიური მოვლენაა, რადგან ის შეამცირებს ჩინეთის გავლენას კრიპტოსა და გლობალურ მაინინგ ინდუსტრიაზე. 

ჩინეთის მკაცრი დამოკიდებულება კრიპტოვალუტის მიმართ, გარკვეულწილად, საკუთარი ცენტრალიზებული ციფრული ვალუტის [CBDC] შექმნის სურვილითაა გამოწვეული, რომელიც კომუნისტურ მთავრობას მოსახლეობის თვალთვალისა და კონტროლის ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

აღსანიშნავია, რომ აკრძალვების 8-წლიან ისტორიაში ჩინეთის მთავრობა ახალ რეგულაციებსა და შეზღუდვებს სწორედ მაშინ აწესებს, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულებს აღწევს. 

სავარაუდოდ, მაინერებისთვის ყველაზე მიმზიდველ ლოკაციად აშშ-ს რამდენიმე შტატი, კერძოდ, ტეხასი, ფლორიდა, ოჰაიო, უაიმონგი და კოლორადო იქცევა.

აღნიშნულ შტატებში მიღებულია რამდენიმე კანონი, რომელიც კრიპტოვალუტის მაინინგის ლეგალიზაციას უწყობს ხელს და პოტენციური ინვესტორებისათვის მიმზიდველ სამართლებრივ გარემოს ქმნის.

ტეხასში მსხვილი მაინინგ ცენტრების აშენებას გეგმავენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Bitmain, Blockcap, Argo Blockchain, BIT, Layer1 და Compute North.

 

კომენტარები