ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

დღეს, 30 მაისს გადაწყდება, შევა თუ არა ენმ პარლამენტში – პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

დღეს, 30 მაისს გახდება ცნობილი შევა თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მე-10 მოწვევის პარლამენტში. პარტიაში 15:00 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება. ენმ-ის წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, პარტიაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია არსებობს და პოლიტსაბჭოზე ისინი შეჯერდება. 

"დღეს შეიკრიბება პარტიის პოლიტსაბჭო, ეს არის ის ორგანო, რომელიც იღებს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. სწორედ დღეს გადაწყდება, შევა თუ არა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში. ჩვენ მოვისმენთ ყველა მხარის არგუმენტებს. ვიმსჯელებთ ამის შესახებ, თუმცა, ეს მსჯელობა უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს პარტიის შიგნითაც და საჯაროდაც. ჩვენმა საზოგადოებამ მოისმინა მათი პოზიციები, ვინც მომხრეა, რომ პარლამენტში შევიდეს ნაციონალური მოძრაობა და მათი, ვინც წინააღმდეგია, რომ შევიდეს პარტია პარლამენტში. თუმცა, დღეს ეს პოზიციები შეჯერდება და მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება". – თქვა ზაალ უდუმაშვილმა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ბოიკოტი გამოუცხადეს. საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების ნაწილია, თუმცა ენმ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა მანამ, სანამ პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროს არ დატოვებდა. 

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას თანხმობით ევროკავშირის ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა ფონდმა, EED-მ გირაო გადაიხადა, ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა და თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან კონსულტაციები უნდა გაემართათ.  

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ამ დრომდე ხელს არ აწერს ენმ, თუმცა მას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით ხელი მოაწერეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ. დოკუმენტს ხელს ასევე არ აწერენ ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო  არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 27.18% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა. პარტიამ მე-10 მოწვევის პარლამენტში 36 მანდატი მოიპოვა.

კომენტარები