სასამართლო რეფორმა

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია:

  • ბადრი შონიას  - 281 მოსამართლის ხმა 
  • თემურ გოგოხიამ  - 278 მოსამართლის ხმა
  •  გოჩა აბუსერიძემ - 274 მოსამართლის ხმა 
  •  ლევან მიქაბერიძეს - 283 მოსამართლის ხმა 

ოთხივე მოსამართლის სახელი გახმაურებულ საქმესთან არის დაკავშირებული. მოძრაობა დროა ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს:

ბადრი შონია - 2012 წლის შემდეგ ბადრი შონიას (მცხეთის რაიონული სასამართლოს იმდროინდელი მოსამართლე) ხელისუფლება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. საქმე ისე დაიხურა, რომ მისი დეტალები არ გასაჯაროებულა. სამოქალაქო სექტორში არსებობს ეჭვი, რომ ქართულმა ოცნებამ შონია ამ გზით დაიმორჩილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობის დროს ბადრი შონიამ ,“ბასიანზე” სამი ადამიანის, მათ შორის, ერთი პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

ბადრი შონია იყო ჯგუფ „ბირჟა მაფიის” მოსამართლე, რომელმაც ჯგუფის წევრებს წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 თემურ გოგოხია - ნიკა მელიას მოსამართლე 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე (შეეფარდა გირაო). გოგოხია არ მალავდა პოლიტიკურ შეხედულებებს - 2016 წლის 26 ნოემბრის პოსტით მოსამართლე თემურ გოგოხია პოლიტიკურ წარმატებას ულოცავს ვანო ზარდიაშვილს. თემურ გოგოხია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის რევაზ ნადარაიას (2017-2020) ქვისლია. ნადარაია ამჟამად საპროკურორო საბჭოს წევრია.

 გოჩა აბუსერიძე - სასამართლო სისტემის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშს აბუსერიძემ უპასუხა: “აღქმა არის უფრო ცუდი, ვიდრე რეალური სიტუაცია და ალბათ, ამან გამოიწვია სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყების ანგარიშში ამგვარი შეფასება”.

ლევან მიქაბერიძე - მე როგორც სისტემის შემადგენელ ნაწილს, არ მაქვს იმის აღქმა, რომ სასამართლოში არის კლანური, ჯგუფური მმართველობა.

2017 წლის 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, ლევან მიქაბერიძის თავმჯდომარეობით, მიიღო გადაწყვეტილება სს ,,თბილავიამშენის“ წილებისა და სააქციო საზოგადოება ,,თბილავიამშენის“ აქციების სახელმწიფოსთვის ჩუქების საქმეზე. მეწილეები 2010 წელს სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლასა და წილების იძულებით დათმობაზე საუბრობდნენ, თუმცა მათი სარჩელი მიქაბერიძემ არ დააკმაყოფილა. საქართველოს უზენაესმა სასამართლოს დიდმა პალატამ, 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით დაასკვნა, რომ მოსარჩელეს მიმართ იძულება, სულ მცირე, 2012 წლის არჩევნებამდე მაინც გრძელდებოდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მსგავსად, მოცემულ საქმეშიც იკვეთებოდა პოლიტიკური ნიშნები, რაც სასამართლოს შეფასებულ გადაწყვეტილებაში არ გაუთვალისწინებია.

მიქაბერიძე თბილისის საავიაციო ქარხნის საქმის მოსამართლე იყო. თბილისის საავიაციო ქარხნის საქმის მასალები. ათეულობით ტომისგან შემდგარი და 40-საათიანი აუდიო ჩანაწერის განხილვა ორ სხდომაში მოასწრო და გადაწყვეტილებაც მიიღო.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის დაპაუზებას, არც საქართველოს პარლამენტის მხრიდან და არც საბჭოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგმულა ამ ვალდებულების შესასრულებლად. პროტესტის ნიშნად, ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიმდინარე პროცესში მონაწილეობას არ მიიღო.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


კარლ ჰარცელმა, კელი დეგნანმა და ნატალია ვუტოვამ კახა კუჭავას სასამართლო რეფორმის შესახებ წერილით მიმართეს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მმართველ გუნდს ახსენებენ ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტით აღებულ ვალდებულებებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ცვლილებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის შესახებ. წერილში ყურადღება გამახვილებულია მათი წევრების შერჩევა-დანიშვნის პროცესის შეჩერების მნიშვნელობაზე. 

პარლამეტის თავმჯდომარემ ელჩებს უპასუხა და აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს. კუჭავა ამბობს, რომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების შერჩევის შეჩერებისკენ საერთო სასამართლოებს ასევე მოუწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. XXIX რიგგარეშე კონფერენცია 26 მაისს ჩატარდება.  

კომენტარები