17 მაისი

სონღულაშვილი: 17 მაისს შენდობა ვითხოვოთ ღმერთის სახელით ჩადენილი ყველა ძალადობისთვის

ქრისტიანული საღვთო წერილის მიხედვით, იესო ეუბნება თავის მოწაფეებს "რასაც მე გეუბნებით, არ გესმით, მოვა დრო და გაიგებთ. ქრისტიანული ეკლესიის ისტორია სავსეა და გველაპარაკება, რომ მოწაფეებმა ვერ გაიგეს რასაც იესო ლაპარაკობდა. არამარტო მოწაფეებმა ვერ გაიგეს, ვერც მოწაფეების მოწაფეებმა ვერ გაიგეს და გავიდა საუკუნეები, რომ ნელ-ნელა, უფრო და უფრო მკაფიოდ და ცხადად გამოჩენილიყო, რას ქადაგებდა ის საწყალი ნაზარეველი, რომელიც სამ წელიწადნახევრის განმავლობაში მოწაფეებს და არამარტო მოწაფეებს უპირობო სიყვარულს უქადაგებდა, მიმღებლობას ქადაგებდა, შენდობას ქადაგებდა. ქრისტიანობას დასჭირდა საუკუნეები და კიდევ ბევრი საუკუნე და წლები დასჭირდება, რომ სრულად მიხვდეთ და წარმოიდგინოთ, რას ასწავლიდა მოწაფეებს ის, რას გვასწავლის იესო ნაზარეველი დღეს ჩვენ და რას ასწავლის ის თაობებს, რომელიც ჩვენს შემდეგ მოვა. 

იესოს სიტყვა მარადიულია. ის რაც იყო, ის რაც არის, ის რაც იქნება. ამას წყალი არასდროს გაუვა. იესოს სიყვარული ღებულობს ყველას, გულში იკრავს ყველას, მფარველობას სთავაზობს ყველას. ჩვენ დაგვჭირდა დრო, იმისთვის, რომ იესოს უპირობო სიყვარული უფრო მკაფიოდ დავინახოთ. 

დღეს და ყოველთვის, ეკლესია ვალში იქნება იმ ადამიანებთან ვინც გარიყული იქნა, ვინც დამცირებული იქნა და ვინც მსხვერპლი გახდა ძალადობის, საუკუნეების განმავლობაში, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ არ გვესმოდა, თუ რას ამბობდა იესო. 

დღესაც, დიდი ქრისტიანული ეკლესიებისთვისაც ძნელი მისაღები და ძნელი გასაგებია, რას ლაპარაკობდა იესო ნაზარეველი და კიდევ საუკუნეები დასჭირდებათ, ვიდრე ჩვენ ყველანი ერთად ვაღიარებთ ჩვენს დანაშაულს, ჩადენილს კაცობრიობის მიმართ, ქალების მიმართ, თუ განსხვავებული რელიგიის მიმართ, თუ განსხვავებული რასობრივი და ეთნიკური ადამიანების მიმართ, თუ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიმართ... ქრისტეს სახელით ჩვენ ვდევნით და ვავიწროვებთ ადამიანებს, ამიტომ დღეს, 17 მაისს, ფასეულია და მნიშვნელოვანია, რომ ღვთისა და ადამიანის წინაშე შენდობა ვითხოვოთ ყველა ძალადობისთვის, ყველა შევიწროებისათვის, ყველა დამცირებისთვის, რომელიც ჩვენ, ღმერთის სახელით ჩავიდინეთ და მივმართეთ ადამიანის მიმართ და იმ სამყაროს მიმართ, რომლის მკვიდრებიც ჩვენ ვართ

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტის, მალხაზ სონღულაშვილის ქადაგება. 17 მაისს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ლგბტ დროშა გამოფინეს და იმსახურეს. 

კომენტარები