საბერძნეთი

საბერძნეთი ლოქდაუნს ასრულებს და ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

საბერძნეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო მოქმედ შეზღუდვებს თითქმის სრულად ხსნის და ტურისტული სეზონისთვის ემზადება.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ყოველდღიურად 2000-ზე მეტი ახალი ინფიცირებული ჰყავს, ვაქცინაციის პროცესი მეტნაკლები წარმატებით მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის, ქვეყანაში რამდენიმე მძიმე შეზღუდვა არსებობს, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოიხსნება – მალე, მოქალაქეებს სახლიდან გასვლამდე ცხელ ხაზზე შეტყობინების გაგზავნა და უფლების თხოვნა აღარ მოუწევთ, კომენდანტის საათი კი 00:30-05:00 პერიოდამდე შემცირდება. 

საბერძნეთისთვის ტურისტული სეზონის ჩავარდნა განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ქვეყნის ეკონომიკის 20% სწორედ ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე დგას, სტუმარმასპინძლობის სექტორშია დასაქმებული სამუშაო ძალის 20%-ზე მეტი. 

საბერძნეთის მიერ ნებადართული 53 ქვეყნის ტურისტებს საბერძნეთში შესვლამდე დასარჩენი ადგილის იდენტიფიცირებას, ვაქცინაციის მოწმობას, მაქსიმუმ 72 საათის წინ გაკეთებულ უარყოფით PCR ტესტს ან კოვიდის ანტისხეულების ქონის დამადასტურებელ დოკუმენტს მოსთხოვენ.  

ქვეყანა დასაშვებად აღიარებს მხოლოდ ფაიზერის, მოდერნას, ასტრაზენეკას, ნოვავაქსის, ჯონსონ & ჯონსონის, სინოვაკის, სპუტნიკისა და სინოფარმის ვაქცინებს. 

ქვეყნები, რომლებიდანაც საბერძნეთის ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელი იქნება, შემდეგია:

ევროკავშირისა და შენგენის ზონის ყველა ქვეყანა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, სერბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, რუსეთი, უკრაინა და სხვა. სამწუხაროდ, სიაში ვერ მოხვდა საქართველო. 

კომენტარები