კორონავირუსი საქართველოში

თურნავა: მიუხედავად პანდემიისა, ეკონომიკის აღდგენისთვის პირობები შევქმენით

"ვაქცინაცია არის ერთადერთი, საუკეთესო და ყველაზე მოკლე გზა იმისთვის, რომ ნორმალურ, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა, ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, მართლაც ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ობიექტები გვექნება ჩვენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია". - განაცხადა ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

ეკონომიკის მინისტრი, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს სინოფარმით აიცრა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, თავს კარგად გრძნობს და ყველას მოუწოდა აქტიური ვაქცინაციისკენ.  

"მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-პანდემია გრძელდება, ჩვენ მოვახერხეთ და შევქმენით პირობები ეკონომიკის აღდგენისთვის. დღეს, მაგალითად, გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, სადაც 70 პროცენტით არის ჩვენი ექსპორტი გაზრდილი, ტურიზმის აღდგენაც თანდათანობით მიმდინარეობს  და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველამ დაინახოს მსოფლიოში, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა.

ამიტომაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ტურიზმის სექტორი, სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებთან ერთად, აეყვანა ვაქცინაციის პრიორიტეტულ სიაში და მეც, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ტურიზმში მიმდინარე პროცესებზე და პოლიტიკაზე, თავი მოვალედ ჩავთვალე, ჩემი აცრა გამეკეთებინა ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, დღეიდან უკვე კოორდინირებულად დაიწყება ტურისტულ ობიექტებზე დასაქმებული პერსონალის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია, ინტერესი მაღალია და უკვე არსებობს 700-მდე ადამიანის სია, რომლებიც თავისი სურვილით ეწერებიან აცრაზე.

კომენტარები