დავითგარეჯის საქმე

მშვენიერაძე: შეიქმნას საგამოძიებო კომისია აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე

"საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით, ვითხოვთ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას". – წერს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე საკუთარ Facebook-ის გვერდზე. მისივე თქმით, კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ინიციატივით შესაძლებელია  პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

"კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა და მასში არანაკლებ ნახევარი უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები". – წერს გიორგი მშვენიერაძე

ამისათვის მშვენიერაძე ოპოზიციას მოუწოდებს საზოგადოებისთვის ღია კომისიის შექმნისკენ, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციასთან  დაკავშირებით დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე.

"ოპოზიციას, რომელიც უკვე შევიდა პარლამენტში და რომელიც დიდი ალბათობით ასევე შევა, შეუძლია ამ კომისიის შექმნა და საზოგადოებისთვის ღიად, პირდაპირ ეთერში ჩვენება, რა ხდება აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან - დღემდე.

ამ გზით პასუხი გაეცემა ყველა კითხვას და საზოგადოებაც კარგად დაინახავს, ვინ იბრძვის და იბრძოდა საქართველოსთვის და ვინ, პირიქით, ვინ არის მართლა პატრიოტი და ვინ მოღალატე.

ბევრს შერცხვება ივერი მელაშვილის თვალებში შეხედვის იმ მორალური ტერორის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანს დღეს უწყობენ. ზოგს იმიტომ, რომ თავად არის ამ ტერორის უნებლიე მონაწილე და ზოგს იმიტომ, რომ საკუთარი დუმილით უშვებს ამ ტერორს. ხოლო, ამ სიბინძურის ავტორებს, არაფრის არ შერცხვებათ, რადგან მათ სირცხვილის გრძნობა საერთოდ არ გააჩნიათ. ამიტომ, მათთვის იარსებებს მხოლოდ ერთი პასუხი - კანონი". - წერს გიორგი მშვენიერაძე.

ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დავითგარეჯაში გუშინ, 4 მაისს დაესხნენ თავს. მათ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ხალხი, სასულიერო პირები შეცდომაში არიან შეყვანილი და ეს ხელისუფლების ბრალია. შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები