ჩეხეთი-რუსეთი

ჩეხეთი რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელს ჯაშუშობისთვის ქვეყნიდან აძევებს

"მკვლელი, ქურდი დიქტატორი" - ვლადიმირ პუტინის პოსტერი ჩეხეთში რუსეთის სალჩოს ჭიშკარზე. 2021 წ.
Petr David Josek/Associated Press

ჩეხეთი პრაღაში რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომლებს ქვეყნიდან აძევებს. ჩეხური მხარის თანახმად, თვრამეტივე რუსული სპეცსამსახურების, გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოსა (GRU) და საგარეო დაზვერვის თანამშრომლები არიან. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერმინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, იან გამაჩეკმა განაცხადეს. 

ბაბიშის და გამაჩეკის თანახმად, GRU დაკავშირებულია დასახლებულ პუნქტებში ვრებეტიცშიზლინსკის მხარეში, საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებებთან. ვრებეტიცაში აფეთქებები 2014 წლის 16 ოქტომბერსა და 3 დეკემბერს მოხდა. პირველი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მეორეს - მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქებების შემდეგ ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ჩეხეთისა და რუსეთის ურთიერთობა ასე სერიოზულად დაზარალდება, მაგრამ ჩვენი რეაგირება აუცილებელია. იმავე მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომელშიც დიდი ბრიტანეთი იყო სოლსბერიში მოწამვლების დროს". - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

პარალელურად, ჩეხეთის პოლიციამ ძებნა გამოაცხადა ორ კაცზე, რომლებიც 2014 წლის 11-16 ოქტომბერს პრაღასა და ზლინსკის მხარეში იყვნენ. ეს ადამიანები იყენებდნენ რუსულ პასპორტებს ალექსანდრ პეტროვის და რუსლან ბოშიროვის სახელებით, ასევე მოლდოვის პასპორტს ნოკოლაი პოპის და ტაჯიკეთის პასპორტს რუსლან ტაბაროვის სახელზე.

ძებნილთა ფოტოებიდან და რუსულ პასპორტებში მითითებული სახელებიდან, პეტროვი და ბოშიროვი, გამომდინარე საუბარია რუსეთის ორ მოქალაქეზე, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა 2018 წელს რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის, იულიას, ნოვიჩოკით მოწამვლაში დაადანაშაულა. გამოცემები The Insider-ი და Bellingcat-ი წერდნენ, რომ პეტროვი და ბოშიროვი, GRU-ს ოფიცრები, ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა არიან.

ჩეხეთიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლების გაძევებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა. ზახაროვას თანახმად, პრაღამ იცის, რა მოჰყვება მის ქმედებებს.

"პრაღამ კარგად იცის, რა მოჰყვება ასეთ "ფოკუსებს". – თქვა ზახაროვამ.

აშშ-ს საელჩომ ჩეხეთში მხარი დაუჭირა ჩეხეთის გადაწყვეტილებას.

"აშშ დგას თავის მტკიცე მოკავშირე ჩეხეთის რესპუბლიკასთან. ჩვენ ვაფასებთ მათ მნიშვენლოვან ნაბიჯს, პასუხი გასცენ ჩეხეთის მიწაზე რუსეთის სახიფათო ქმედებების". - თქვა ჯენიფერ ბახუსმა, საელჩოს წარმომადგენელმა. 

რამდენიმე დღის წინ აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, რომელელთა ფარგლებშიც აშშ-დან 10 რუსი დიპლომატი გააძევეს. სანქციების დაწესების მიზეზი მასშტაბური კიბერშეტევები და 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობები გახდა.

კომენტარები