ცენზურა ჩინეთში

$2.8-მილიარდიანი ჯარიმის შემდეგ ALIBABA-ს აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა

ჩინეთის სასამართლომ ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევის გამო Alibaba რეკორდული 2.8 მილიარდი დოლარით დააჯარიმა, თუმცა კომპანიის აქციების ფასი საფონდო ბირჟებზე მკვეთრად, თითქმის 7%-ით გაიზარდა

როგორც წესი, კომპანიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას, სასამართლოს მიერ მის გამტყუნებას და დაჯარიმებას საფონდო ბირჟებზე პანიკური ვაჭრობა და აქციების ფასის ვარდნა მოჰყვება ხოლმე. 

მიუხედავად ამისა, Alibaba-ს შემთხვევა არღვევს ზოგად კანონზომიერებებს, რაც, ექსპერტების თქმით, საქმის სპეციფიკითაა განპირობებული. 

ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ს განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებითა და რეკორდული ჯარიმით დასრულდა გაურკვევლობის პერიოდი, როცა ინვესტორებმა არ იცოდნენ, თუ რა მომავალი ელოდა კომპანიას.

ექსპერტების თქმით, ინვესტორები ჩინეთის კომუნისტური მთავრობისგან უფრო მწვავე ქმედებებს ელოდნენ, ვიდრე ეს $2.8-მილიარდიანი ჯარიმაა. მათი ნაწილი Alibaba-ს დაშლისა და ჩინეთში ნაწილობრივ აკრძალვის ვარიანტებსაც კი განიხილავდა.  


ექსპერტთა ნაწილი ჩინეთის მკაცრ მიდგომას Alibaba-სა და მისი დამაარსებლის, ჯეკ მას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მათი თქმით, კომუნისტური მთავრობა სჯის იმ კომპანიებს, რომლებიც არ ემორჩილებიან პარტიულ ნებას და აკრიტიკებენ ჩინეთის მთავრობას.

Alibaba-ს წინააღმდეგ ჩინეთის მთავრობამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ მამ ჩინეთის მარეგულირებელი ორგანო და კომუნისტური მთავრობა საჯაროდ გააკრიტიკა. 

მისი სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ჯეკ მას Ant Group-ის $37 მილიარდიანი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) მთავრობამ შეაჩერა.

2021 წელს კი მამ ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა

2021 წლის მარტში ჩინეთის მთავრობამ Alibaba-ს ვებბრაუზერი UC Browser დაბლოკა.

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინფინგმა თქვა, რომ ეს ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესის მხოლოდ დასაწყისია და ჩინეთი უფრო მკაცრად მიუდგება ისეთი კომპანიების საკითხს, რომელთაგანაც პოტენციური საფრთხე მომდინარეობს.

კომენტარები