ეკონომიკა

IMF: მშპ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო ვალი 2021 წლის ბოლოსთვის 63.9%-მდე გაიზრდება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)-ის პროგნოზით მშპ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო ვალი 2021 წლის ბოლოსთვის 63.85%-მდე გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო წელსაც ვერ შეძლებს  თავისუფლების ეკონომიკური აქტით განსაზღვრულ 60%-იან ლიმიტს ჩამოსცდეს. 

2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.7 მლრდ აშშ დოლარი, რაც 31.9 მლრდ ლარია და შეადგენს მშპ-ს 61.3%-ს. დეკემბერში ფინანსთა სამინისტროს ყოფილმა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა  თქვა, რომ განახლებული ბიუჯეტით საგარეო ვალი მშპ-ს მიმართ 57%-ზე უნდა ჩამოსულიყო, თუმცა IMF-ის მიხედვით, 2023 წელს არის მოსალოდნელი საგარეო ვალის 60%-იან ნიშნულზე დაბლა ჩამოწევა. 2022 წლისთვის 61.04%-ია პროგნოზირებული.

ერთის მხრივ, ეს პროგნოზი, შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ  სახელმწიფო კომპანიები წლიდან წლამდე ზარალიანობით გამოირჩევიან, რაც კიდევ უფრო ართულებს ნიშნულის ქვემოთ ჩამოწევას,  მაგალითად, 2019 წელს სახელმწიფო საწარმოთა ზარალმა შეადგინა 237 მილიონი ლარი, 2018 წელს - 816 მილიონი ლარი.

ამასთან ერთად, დღეს, 12 აპრილს საქართველოს მთავრობამ 10 წლის წინ გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა - $500 მილიონი დოლარი უნდა დაფაროს, ამისათვის ფინანსთა სამინისტრო გეგმავს ახალი ევროობლიგაციების გამოშვებას. 

ლარის გაუფასურებასთან ერთად იზრდება დასაფარი ვალის ღირებულებაც. 2011 წელს, ევროობლიგაციების განთავსების დროს, 500 მილიონი დოლარი 830 მილიონი ლარის ტოლი იყო, თუმცა დღეს, 2021 წელს, მის დასაფარად თითქმის ორჯერ მეტი თანხაა საჭირო, კერძოდ, 1.71 მილიარდი ლარი.

 

კომენტარები