ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: საქართველოს ნატოში დაწინაურების დროა, მათაც ისე ვჭირდებით, როგორც ჩვენ ისინი

"მე უკვე განვაცხადე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას, რომ საქართველოს ნატოში დაწინაურების დრო დადგა. ღრმად გვწამს, რომ შავი ზღვისპირეთის მიმართულებით ალიანსის გაფართოება აუცილებელი პირობაა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის; რომ ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი“. – ამის შესახებ პრემიერმინისტრი  Facebook-ზე წერს. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი წერს, ალიანსთან თანამშრომლობით საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია დემოკრატიის განვითარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულყოფის მიმართულებებით.

"1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონის ხელშეკრულების ხელმოწერით დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია - ნატო.

ნატოს ფუძემდებლური პრინციპი ამბობს, რომ საზოგადოების კეთილდღეობა წარმოუდგენელია თავისუფლებისა და უსაფრთხოების გარეშე. მათი კოლექტიური უზრუნველყოფა პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით ორგანიზაციის უმთავრესი მიზანია.

ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა - საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი - ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ეფუძნება, რაც კონსტიტუციაშიც არის ასახული.

ალიანსთან თანამშრომლობით საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია დემოკრატიის განვითარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულყოფის მიმართულებებით.

ჩვენმა ხელისუფლებამ ეს თანამშრომლობა, დაფუძნებული პრინციპზე - „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო“-ში, კიდევ უფრო გააღრმავა და გააძლიერა". - წერს ღარიბაშვილი. 

კომენტარები