სუს

სუს: გაფორმების ეკონომიკური ზონა "ფოთის" მომსახურების სამმართველოს უფროსი დავაკავეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა "ფოთის" მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 04 მარტს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონა "ფოთში" შევიდა დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი და ინტერპოლის სამდივნოს ერთიან ბაზაში გატაცებულად რეგისტრირებული სამი ავტომანქანა.

სუს-ში განმარტავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სამმართველოს უფროსისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია ძებნილი ავტომანქანების შესახებ, – "2021 წლის 09 მარტს, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პირადი მოტივით, უგელებელყო ავტომანქანების შეჩერებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინების ვალდებულება, სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაადეკლარირა იმპორტის რეჟიმში და გადასცა დაინტერესებულ პირებს, რითაც ხელი შეუწყო ძებნილი ავტომანქანების თავისუფალ ბრუნვაში მოქცევას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შემდგომ გასხვისებას". – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები