ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).
თუ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირი დამსაქმებელს რეგისტრირებული ჰყავს დასაქმებულად სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში და მას ბოლო 120 დღის მანძილზე არ უფიქსირდება კორონავირუსზე ინფიცირების სტატუსი, მას შეუძლია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში.
დღეის მდგომარეობით სისტემაში ვიზიტი დაჯავშნილი აქვს მედპერსონალის1449 წევრს.
ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება.
რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/
შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ასტრაზენეკას პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13 მარტს, დილით ჩამოვიდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის ასტრაზენეკას 129 600 დოზა, ხოლო ფაიზერის 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.
ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.
პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირებულის სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.





