ქალთა უფლებები რუსეთში

კვლევა: რუსი კაცების 50%-ის აზრით, ქალები უსამსახუროდ "უკეთესად არიან"

The Borgen Project

რუსული კომერციული ბანკის, Открытие-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხული რუსი მამაკაცების დაახლოებით 50% მიიჩნევს, რომ ქალები სამსახურის გარეშე "უკეთ არიან". მოსაზრებას ქალების 22% იზიარებს. 

გამოკითხულებს ქალების მუშაობის მიზეზებსა თუ მიზნებზეც განსხვავებული შეხედულებები აქვთ. მაგალითად, მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა 45% მიიჩნევს, რომ ქალი ფინანსური დამოუკიდებლობისთვის უნდა მუშაობდეს, ამ პოზიციას კაცების 28% იზიარებს. ამას გარდა, გამოკითხული კაცების 36%-ის აზრით, ქალი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში უნდა მუშაობდეს, თუ მისი და მისი შვილების უზრუნველყოფისთვის სხვა გზა არ არსებობს. ამ მოსაზრებას ქალების 19% ეთანხმება. რაც შეეხება კარიერულ თვითრეალიზაციას, ქალების ამ მიზნით დასაქმების იდეას გამოკითხული კაცების 24% და ქალების 33% იწონებს.

"ქალის მთავარი როლი დედობა და ოჯახის პატრონობაა" – ასე ფიქრობს გამოკითხული კაცების 55%. ამ პოზიციას ქალების მესამედზე მეტი – 37% იზიარებს. კიდევ უფრო დიდი განსხვავება გვხვდება დამოუკიდებლობის საკითხში – მამაკაცების 79% მიიჩნევს, რომ ქალებს საზოგადოებაში საკუთარი როლის დამოუკიდებლად არჩევა არ შეუძლიათ. ანალოგიური შეხედულება აქვს გამოკითხული ქალების 49%-ს.

სქესობრივი ნიშნით განსხვავებას არ ვაწყდებით ფინანსური უზრუნველყოფის საკითხში. კერძოდ, გამოკითხული კაცების 39% და ქალების 35% მიიჩნევს, რომ მამაკაცი ვალდებულია, საყვარელი ქალი უზრუნველყოს. პარალელურად, ქალებისა და კაცების ორ მესამედზე მეტი მიიჩნევს, რომ ქალს უფლება აქვს, ხარჯოს უფრო მეტი, ვიდრე გამოიმუშავებს. მათი ნახევარი კი აცხადებს, რომ ამის უფლება ქალს მხოლოდ კაცის ნებართვით უნდა ჰქონდეს. 

გამოკითხვა 2021 წლის 26 თებერვლიდან 2 მარტამდე გრძელდებოდა. ჯამში 1000-ზე მეტი, 18-65 წლის ადამიანი გამოიკითხა.

კომენტარები