საერთო მანიფესტი

გირჩი მზად არის, შეუერთდეს ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლისა და ელენე ხოშტარიას მანიფესტს

გირჩი მზად არის, შეუერთდეს კონსტიტუციის ცვლილებების შესახებ ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლისა და ელენე ხოშტარიას მანიფესტს, თუ საარჩევნო რეფორმაში ნაგულისხმები იქნება პროპორციული წესით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. 

"ყურადღებით გავეცანით თქვენ მიერ ხელმოწერილ მანიფესტს და სიამოვნებით შემოგიერთდებით თქვენს მოთხოვნებში, თუ რეალურ/ამბიციურ საარჩევნო რეფორმაში ნამდვილად იგულისხმება ისიც, რომ მომავალში ყველა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ბუნებრივი ბარიერით.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობის ფანჯარა და ამ მართლაც უპრეცედენტო საერთო ოპოზიციური ბოიკოტის სანაცვლოდ, ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ ქვეყანაში ერთპიროვნული ძალაუფლების პრობლემა.

ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების მკაფიო დაპირების გარეშე, უმორჩილესად გთხოვთ, არ შეხვიდეთ პარლამენტში, რადგან მომავალში ამის მიღწევის შანსი ამ ქვეყანას აღარ ექნება და ვერც მეათე მოწვევის პარლამენტი გააკეთებს ამაზე მნიშვნელოვან რამეს". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 

ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა და ელენე ხოშტარიამ საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ხელი მოაწერეს საერთო მანიფესტს. ინიციატორების ცნობით, მანიფესტის მიზანია, შეიცვალოს კონსტიტუცია, რომელიც დღეს ძირითად გამოწვევებს ვერ პასუხობს. 

ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ შემდეგ ნახავენ, თუ რაში გადაიზრდება ეს ურთიერთობა. ელენე ხოშტარიას თქმით, რა თქმა უნდა, გარკვეული კომბინაციები იქნება.

კომენტარები