ნიკა მელიას დაკავება

დეკანოიძე: ნიკა მელია არასდროს გახდება ბიძინა ივანიშვილის უსამართლო თამაშის მონაწილე

ხატია დეკანოიძე
ტაბულა

"პროკურატურის აბსურდულმა განცხადებამ, ნიკას გადაწყვეტილება, რომ გავრილოვისთვის უსამართლო გირაო არ გადაიხადოს, არ შეცვალა".- ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც უწყება გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს საქალაქო სასმართლოს შუამდგომლობით მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს.

"ნიკა მელიამ მიიღო გადაწყვეტილება, ის იბრძვის თავისუფლებისთვის და სწორედ პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროკურატურის გამო, სადაც არის ახლა ნიკა მელია, იმაზე უფრო მეტად თავისუფალია, ვიდრე, რომელიმე გავრილოვის მსახური. ამიტომ ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იდეისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლა რჩება იგივე და, რა თქმა უნდა, პროკურატურის ეს განცხადება, არის მხოლოდ უსუსური, შეშინებული თავის მართლების მცდელობა. ნიკა მელია არასდროს გახდება ბიძინა ივანიშვილის უსამართლო თამაშის მონაწილე".- ამბობს დეკანოიძე. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც იმყოფებოდა თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.  

კომენტარები