ჩინეთი

წამებისა და ჯგუფური გაუპატიურების ახალი ფაქტები ჩინეთის გამოსასწორებელი ბანაკებიდან

AFP

კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ჩინეთში მყოფ უიღურთა გამოსასწორებელ ბანაკებში ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების შესახებ. უკვე რამდენიმე წელია, რაც ადამიანები, რომლებმაც ამ ბანაკებს თავი დააღწიეს, ამტკიცებენ რომ აქ ეთნიკურად უიღურთა სისტემატიური გაუპატიურება და წამება მიმდინარეობს. ჩინეთის მთავრობა ამ ყველაფერს უარყოფს, მაგრამ ყოველ წელს ახალ-ახალი შემთხვევები გახმაურებული ხდება.

CNN-თან მიცემულ ინტერვიუში ეთნიკურად უიღურმა თურსუნაი ზიავუდუნმა, რომელმაც 9 თვე გამოსასწორებელ ბანაკში გაატარა, საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, იგი ქალთა გამოსასწორებელ ბანაკში იმიტომ გადაიყვანეს, რომ 5 წელი ყაზახეთში ცხოვრობდა.

“რადგან 5 წელი ყაზახეთში ვცხოვრობდი, მომთხოვეს მეღიარებინა, რომ ამერიკული პროპაგანდისა და უცხოური ორგანიზაციების გავლენის ქვეშ ვიყავი”. – თქვა თურსუნაიმ. 

მან მოჰყვა, როგორ სცემდნენ დაცვის წევრები და ჯგუფურად აუპატიურებდნენ როგორც მას, ისე ბანაკის სხვა მაცხოვრებლებსაც. ასევე ახსენა, რომ ქალებს კონტრაცეპტივებს ძალით აღებინებდნენ. 

თურსუნაი ზიავუდუნმა დასავლური მედიის ინტერვიუებში აქამდეც რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა.

ამ წლის თებერვალში დასავლურ მედიას ცნობები კიდევ ერთმა მოწმემ, ქელბინურ სიდიქმა, რომელიც ერთ-ერთ გამოსასწორებელ ბანაკში მასწავლებლად მუშაობდა, CNN-ის ინტერვიუში მიაწოდა. 

“ყველა ქალს თავი გადაპარსული ჰქონდა, რუხი ფორმები და ნარინჯისფერი ჟილეტები ეცვათ, რომლებზეც ნომრები ეწერა”. – თქვა სიდიქმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ქელბინურ სიდიქის თქმით, იგი 28 წლის განმავლობაში დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო, 2017 წელს კი მას გამოსასწორებელ ბანაკში ათასობით უიღური გოგოსთვის ჩინური ენის სწავლება უბრძანეს. 

მან ასევე ისაუბრა შემთხვევაზე, რომელსაც ბანაკში მუშაობის პირველივე დღეს შეესწრო.

“ორ ჯარისკაცს უიღური გოგო საკაცით მიჰყავდა. სახეზე სიცოცხლის ნაპერწკალიც არ ეტყობოდა. შემდეგ ქალმა პოლიციელმა მითხრა, რომ მძიმე სისხლდენის გამო გოგო საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა”. – თქვა ქელბინურ სიდიქმა. 

მისივე თქმით, მომავალში იმავე პოლიციელმა უთხრა, რომ მცველები ბანაკის წევრებს სისტემატიურად აუპატიურებდნენ. 

მოცემულ ინტერვიუებში ნახსენები ფაქტები დამტკიცებული არაა, მაგრამ საკმაოდ დიდ ეჭვს აჩენს უიღურთა გამოსასწორებელი ბანაკების შესახებ, მითუმეტეს აქამდე გავრცელებული კადრების გათვალისწინებით.

ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ მათ ბანაკებში ადამიანთა უფლებები არ ირღვევა და ქალებს, რომლებიც თავს ჩინეთის უიღურთა მიმართ განხორციელებული რეპრესიების მსხვერპლებად აცხადებენ, “მსხვერპლის როლის შემსრულებლებად” მოიხსენიებენ. 

ჩინეთის მთავრობამ გასულ კვირაში, უიღურთა გამოსასწორებელ ბანაკებში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტების გაშუქების გამო, BBC World News-ს მაუწყებლობა შეუჩერა.


უიღურები ჩინეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან, რომელთა ძირითადი ნაწილი ისლამის მიმდევარია. მათი განსახლების რეგიონი სინძიანის ავტონომიური რეგიონია.

2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

კომენტარები