არჩევნები 2020

გირჩმა ოპოზიციური შეხვედრები დატოვა

გირჩმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დატოვა. ხვიჩიას თქმით, მან და ვახო მეგრელიშვილმა დასვეს სამი შეკითხვა, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს და, შესაბამისად, მათ გადაწყვიტეს ოპოზიციის შეხვედრის დატოვება.

"სამი შეკითხვა იყო ასეთი. პირველი, თუ გაქვთ მტკიცებულებები გაყალბებაზე, რომელსაც ფასილიტატორები იძახიან, რომ ოპოზიცია ვერ ამტკიცებს. მეორე, გვეთანხმებით თუ არა, რომ პროპორციულ არჩევნებზე ბუნებრივი ბარიერით,იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს არის გზა იმისი, რომ მიხეილ სააკაშვილმა ერთპიროვნულად ვერ ჩაიგდოს ძალაუფლება ხელში და მესამე საკითხი იყო, რას ვშვებით, თუ დააკავებენ, ის იქნება ციხეში და რაში მივიღოთ მონაწილეობა, ჩვენ როგორც ადამიანებმა, რომლებიც უპირობო სოლიდარობას ვუცხადებთ მას". – ამბობს ხვიჩია

ხვიჩიამ ასევე თქვა, რომ შეხვედრაზე დესტრუქციული იყო ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო, ხოლო სხვა პარტიები მათ არ ეწინააღმდეგებოდნენ.

"დესტრუქციული [ოპოზიციურ შეკრებაზე] იყო ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. სხვა პატარა პარტიებიც ბანივით ამას ყვებოდნენ და ეს დამთავრდა ბოლოს იმით, რომ კახა კუკავამ თქვა - რას მერჩით, კაცო, მათამაშეთ, მიშას თამაშის თამაში მინდაო". – თქვა ხვიჩიამ

გირჩის თავჯდომარის თქმით, ისინი საერთო ოპოზიციურ შეკრებებს საბოლოოდ გამოეთიშნენ, თუმცა სხვადასხვა პარტიებთან ინდივიდუალურად აპირებენ მოლაპარაკების გაგრძელებას.

"მაგალითად ხათუნა სამნიძემ ჩვენ გამოგვიცხადა სოლიდარობა და თქვა, რომ ასე ქცევა არ შეიძლებოდა. ჩვენ ხათუნასთან და კიდევ ასეთ ნორმალურ ადამიანებთან გავაგრძელებთ ნორმალურ ურთიერთობას". – ამბობს ხვიჩია

ჟურნალისტის მიერ გირჩის შემდგომ ნაბიჯებზე დასმულ კითხვაზე, გირჩის ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა უპასუხა, რომ ისინი დააკვირდებიან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ნიკა მელიას საქმეზე და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ.

"სინამდვილეში ჩვენ რასაც გავაკეთებთ ახლა, არის, რომ შევეცდებით, დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მელიასთან დაკავშირებული სიტუაცია და თუ ის განვითარდა ისეთი სცენარით, როგორითაც ჩვენ ვვარაუდობთ, რომ განვითარდება, ჩვენ მოგვიწევს, რომ ორივე მხარისგან მაქსიმალურად გავემიჯნოთ". – თქვა მეგრელიშვილმა

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა მიმდინარეობს.

კომენტარები