გერმანია

გერმანიის სასამართლომ საარჩევნო სიებში გენდერულ ბალანსზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო სარჩელი პარტიათა საარჩევნო სიებში გენდერული ბალანსის დაცვის საჭიროებაზე.

მოსარჩელეები დაობდნენ გერმანიის ბუნდესტაგის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონსტიტუციურობაზე. სარჩელის თანახმად, 2017 წლის ბუნდესტაგის არჩევნებისთვის პოლიტიკურმა პარტიებმა კანდიდატები წამოაყენეს პარლამენტში გენდერული ბალანსის უგულვებელყოფით, რაც მნიშვნელოვანი საარჩევნო ხარვეზია, რომელიც გავლენას ახდენს საპარლამენტო მანდატების გადანაწილებასა და არჩევნების ლეგიტიმაციაზე. მოსარჩელეების მიხედვით, გენდერული ბალანსის უგულვებელყოფა არღვევს თანასწორობის, არჩევნებში მონაწილეობის ფუნდამენტურ უფლებებს და დემოკრატიის პრინციპებს, ბუნდესტაგში ქალების წარმომადგენლობის ნაკლებობის შედეგად კი ისინი ვერ ახერხებენ თანასწორად მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში და გავლენა იქონიონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე საკანონმდებლო ორგანოში.

მოსარჩელეების არგუმენტი ბუნდესტაგმა არ გაითვალისწინა და შესაბამისი კანონმდებლობა არ მიიღო. 

ფედერალური საარჩევნო აქტი და ფედერალური საარჩევნო რეგულაციები არ ითხოვს კანდიდატებში გენდერული ბალანსის დაცვას. ამის შემდეგ მომჩივნებმა ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.

ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, მოსარჩელეებმა სათანადოდ ვერ დაასაბუთეს, არჩევნებში მონაწილეობის თანასწორი უფლების ფარგლებში, რატომ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული გენდერული ბალანსი კანდიდატების წარდგენის დროს. 

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, კანონით განსაზღვრული თანასწორი არჩევნების პრინციპის თანახმად, ყველა მოქალაქეს აქვს არჩევნებში ხმის მიცემისა და კანდიდატურის წარდგენის თანასწორი უფლება, ხოლო ის, რომ გენდერული ბალანსის დაცვის საჭიროება კანონით არ არის გაწერილი, უზრუნველყოფს ამ თანასწორობას, მაშინ როცა გენდერული ბალანსის დაცვის აუცილებლობის კანონში გაწერა, შესაძლოა, პირიქით დაუპირისპირდეს თანასწორობის პრინციპს.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საჩივარში არ არის სათანადო ყურადღება დათმობილი იმ ფაქტისთვის, რომ გენდერული ბალანსის დაცვის აუცილებლობის საკანონმდებლო დონეზე წინ წაწევამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს არჩევნებში მონაწილეობის ფუნდამენტურ უფლებას.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სარჩელი ასევე სათანადოდ ვერ ასაბუთებს, რატომ არის ბუნდესტაგში გენდერული ბალანსის დაცვის აუცილებლობა დემოკრატიული პრინციპებით განპირობებული. გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტსა და სახელმწიფო ხელისუფლებას დემოკრატიულ ლეგიტიმაციას ხალხი აძლევს და ეს არჩევნებით არის განპირობებული, გერმანიის კონსტიტუცია არ ავალდებულებს ბუნდესტაგს, წარმოადგინოს ამომრჩევლები სარკისებურად, იმ გენდერული პროპორციით, რომლითაც საზოგადოებაა წარმოდგენილი. 

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ სარჩელი სათანადოდ ვერ ასაბუთებს, კანონით უზრუნველყოფილი თანასწორი უფლებების ფარგლებში, რატომ უნდა გაიწეროს კანდიდატების წარდგენის კანონდებლობაში გენდერული ბალანსის დაცვის აუცილებლობა. სასამართლოს მიხედვით, კანდიდატების წარდგენისას გენდერული თანასწორობის განხილვისას, გათვალისწინებული იყოს კონსტიტუციით გაწერილი ინტერესები, კერძოდ კი თავისუფალი და თანასწორი არჩევნების პრინციპი და პოლიტიკური პარტიების თავისუფლების პრინციპები.

გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ საჩივარი არ ითვალისწინებს, რამდენად შეუშლის ხელს გენდერული ბალანსის დაცვა ამ კონსტიტუციურ უფლებებს და ასევე ვერ ასაბუთებს, რატომ არის კანონმდებელი ვალდებული, უზრუნველყოს გენდერული ბალანსის დაცვა, მაშინ როცა ამან, შესაძლოა, ხელი შეუშალოს კონსტიტუციური ინტერესების გატარებას.


2020 წლის 2 ივლისს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც მათ შორის, გენდერულ კვოტირებასაც მოიცავდა. ცვლილების მიხედვით, პარტიები ვალდებულები არიან, პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის იყოს. კვოტირებას მხარი მმართველმა გუნდმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ დაუჭირეს. ცვლილებებს ევროპული საქართველო ეწინააღმდეგებოდა, ამას ფარისევლობად აფასებდა.

პარლამენტის ეს გადაწყვეტილმა პარტია გირჩმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა. თუმცა, ორმა მოსამართლემ, თეიმურაზ ტუღუშმა და ირინე იმერლიშვილმა განსხვავებული აზრი გამოხატა

განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად ეცნო სავალდებულო კვოტირების წესი. როგორც მოსამართლეები წერენ, კოლეგებმა საერთოდ არ შეაფასეს, რა გავლენას ახდენს სადავო რეგულირება ხალხის მიერ თავისუფალი არჩევანის რეალიზებაზე. 

კომენტარები