არჩევნები 2020

პოლიტპატიმრების თემაზე საერთოდ არ ველაპარაკეთ — მდინარაძე ელისაშვილთან შეხვედრის შემდეგ

ტაბულა

"პირდაპირ გეტყვით, რომ პოლიტპატიმრების თემაზე მოკლედ მოვუჭერით და საერთოდ არ ველაპარაკეთ" - ამბობს ქართული ოცნების წვერი, მამუკა მდინარაძე, პარტია მოქალაქეების ლიდერებთან, ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ. მდინარაძის თქმით, პოლიტპატიმრების საკითხი პარლამენტში განსახილველი არ არის და საქართველოში დღეს ასეთი რამ არც არსებობს.

"პირდაპირ გეტყვით ასევე, რომ პოლიტპატიმრების თემაზე მოკლედ მოვუჭერით და საერთოდ არ ველაპარაკეთ. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მოგიყვებით, რომ პოლიტპატიმრების საკითხის შემობრუნება სცადეს ორჯერ თუ სამჯერ, ჩვენ მათ ამ თემაზე არ ვესაუბრებით. არჩილმაც თქვა და მეც იგივეს გაგიმეორებთ, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც, ზოგადად, პატიმრებზე და მათ გათავისუფლებაზე უნდა ვილაპარაკოთ, პოლიტპატიმარი კი არ არის ის სიტყვა, რომელიც რელევანტურია დღევანდელ მოცემულობასთან, მთელი პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ ასეთი საქართველოში არ არსებობს". -  თქვა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, შეხვედრა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საბოლოოდ მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა მოქალაქეების ყველა პირობაზე დათმობაზე წასვლა წარმოუდგენელი იქნება.

"საარჩევნო რეფორმას რაც შეეხება, გარკვეული დეტალების გარდა, რაც ასევე საკამათო გახდა და ისეთი დეტალებია, რაც მე მგონია, საკამათო საერთოდ არ უნდა იყოს, ჩვენ, პრაქტიკულად, შეთანხმებულები ვართ. ამ კუთხით, გარკვეული პოზიტივები იყო მანამდეც, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთადაც და შესაბამისად, აქ ნაკლები პრობლემა ჩანს. შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება ცოტა ზედმეტი სიჯიუტით, პრინციპულობით უდგებიან ყველა იმ საკითხს, რასაც, ზოგადად, ოპოზიცია აყენებს და მეჩვენება, რომ გარდა რიგგარეშე არჩევნებისა, რომელზეც ასე პრინციპულად არ უსაუბრიათ, მოქალაქეებს სურთ, რომ ყველა საკითხზე მიიღონ ჩვენგან თანხმობა, რაც წარმოუდგენელია". - თქვა მდინარაძემ.

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ. ელისაშვილმა ქართული ოცნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ "ქართული ოცნება უბრალოდ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას. მანამდე იყო 5 გვარი და იმ 5-დან გამოვიდა 2.  ძალიან მძიმედ არის ეს საქმე". 

პარტია მოქალაქეების ლიდერებს – ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს საპარლამენტო მანდატებზე უარი არ უთქვამთ. ასევე, მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს გირჩის სამ წევრს. ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობას უარი აქვს ნათქვამი.

კომენტარები