საქართველო-იაპონია

შქმერულის ნახევარფაბრიკატი იაპონიის 50 000-მდე მაღაზიაში გაიყიდება

იაპონიაში საქართველოს საელჩო

იაპონიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით, ქართული კერძის, შქმერულის ნახევარფაბრიკატი იაპონიის მასშტაბით თითქმის ყველა წამყვან ქსელში, 50 000-მდე მაღაზიაში გაიყიდება.

საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქართული კერძით, შქმერულით იაპონიის სწრაფი მომზადების კერძების უდიდესი მწარმოებელი, კომპანია NISSIN დაინტერესდა.

"იაპონიაში ქართული სამზარეულოს პოპულარობა ზრდას განაგრძობს... NISSIN-ისა და Matsuya Foods-ის თანამშრომლობით შქმერულის ნახევარფაბრიკატი შეიქმნა, რომელიც მთელი იაპონიის მასშტაბით თითქმის ყველა წამყვან ქსელში (საერთო ჯამში 50 ათასამდე მაღაზია) გაიყიდება". – წერს საელჩო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მზადების პროცესში მწარმოებლები აქტიურად თანამშრომლობდნენ იაპონიაში საქართველოს საელჩოსთან და შედეგად, გადაწყდა, რომ პროდუქტის შეფუთვაზე მაქსიმალურად იქნება ხაზგასმული შქმერულის ქართული წარმოშობა და დატანილი იქნება ქართული დროშა. ასევე, Matsuya Foods-ის პოსტერზე, კერძის აღწერაში ხაზგასმული იქნება, რომ შქმერულის სამშობლო მდიდარი ბუნებით, ქვევრის ღვინითა და გემრიელი სამზარეულოთი არის ცნობილი.

იაპონიაში საქართველოს საელჩო წერს, რომ ამგვარი სახის თანამშრომლობა მეტწილად განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ საქართველოს საელჩო ძლიერად არის წარმოდგენილი ციფრულ სივრცეში და აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს ქართული კულტურის პოპულარიზებისათვის.

"კომპანია NISSIN-ის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ ამ პროდუქტის მეშვეობით შქმერული იაპონელთა ყოველდღიურ რაციონში დაიმკვიდრებს ადგილს, რაც უპრეცედენტოდ გაზრდის იაპონიაში საქართველოს ცნობადობას". - აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის იანვარში იაპონიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით, იაპონური სწრაფი კვების ქსელ მაცუიას ათასამდე ფილიალში ქართული კერძი, შქმერული გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებული ინფორმაციით, სიტყვა "შქმერული" იაპონური Yahoo-ს ყველაზე ძიებადი სიტყვების ოთხეულში მოხვდა.

კომენტარები