ევროპული საქართველო

ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველო დატოვა და ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის

ევროპული საქართველო

ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველო დატოვა და ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის. ამის შესახებ ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"ამ პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არცერთ სხვა პარტიაში და ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში.

ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი დღევანდელ რეჟიმთან ბრძოლისას. ამიტომ, ეს საკითხი, რომ არ იყოს სპეკულაციური, რა თქმა უნდა, არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლას. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ, მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში: ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა". – თქვა ელენე ხოშტარიამ. 

როგორც ოპოზიციურმა ლიდერმა თქვა, ახალი პოლიტიკური პლატფორმის შესახებ დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს. კითხვაზე, რატომ ვერ მოახერხებდა ევროპულ საქართველოსთან ერთად იმავეს გაკეთებას, ელენე ხოშტარია პასუხობს:

"პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე მე გადავწყვიტე, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შევქმნა. ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია, როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, ანუ აქტივიზმი, ასევე მტკიცე, ერთიანი, კოორდინირებული, პრინციპული პოლიტიკური პროცესი და მე ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას". 

ელენე ხოშტარიამ, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2016 წელს დატოვა და მათთან ერთად დააარსა პარტია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

"დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, როგორც ამ პარტიაში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა იმ აქტივისტს, რომელიც ამ პარტიაში ჩვენთან ერთად იბრძოდა". – თქვა ელენე ხოშტარიამ. 

პარტიის ერთერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ ელენე ხოშტარიას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ის ფიქრობდა დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების დაწყებაზე, "მეტი აქცენტით სამოქალაქო აქტივიზმზე". 

კომენტარები