მონობა დასრულდა, თავისუფლების გეშინოდეთ, ხალხო!


 

საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა შრომის მოქმედ კოდექსში ცვლილებების შესახებ უნდა იმსჯელოს. ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება შრომის კოდექსის „გაადამიანურება“ იყო. 2006 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ საკუთარი შრომის კანონი მიიღო, ის საზოგადოების მსჯელობის და დებატების საგანი გახდა. გაკეთდა ბევრი ემოციური შეფასება, კორექტული კრიტიკოსები მას ძირითადად დამქირავებლის ინტერესებზე მორგებულს ეძახიან. პროფკავშირები საჩივარს საჩივარზე აგზავნიდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში. მედიის და ე.წ. ენჯეოშნიკების დიდი ნაწილი დღემდე დარწმუნებულია, რომ წინა ხელისუფლებამ „მონური“ კანონი მიიღო და მშრომელების „ჩაგვრა“ მოქმედი კოდექსის შედეგია.

ტაბულაში განსხვავებული შეხედულების მქონე ავტორებმა ბევრი კარგი სტატია გამოაქვეყნეს ამ თემაზე. ისინი ასაბუთებდნენ დამსაქმებლის და დასაქმებულების წინააღმდეგ სახელმწიფოს და პროფკავშირების შეთქმულების მძიმე შედეგებს. ცოტა ხნის წინ მშვენიერი სტატია დაიბეჭდა შრომის კოდექსის დაგეგმილ ცვლილებებზე. ნათლად და პრაქტიკულად იყო ახსნილი, რას გამოიწვევს შემოთავაზებული ცვლილებები.

უცხო ენის და კომპიუტერის მცოდნე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაგუგლოს და ნახოს ევროპაში შრომის რეგულირების შედეგები. ცოტა ხნის წინ საფრანგეთში ასეულობით ავტომობილი დაწვეს შრომის კანონმდებლობის ელემენტარული ლიბერალიზაციის მოწინააღმდეგეებმა, მსგავსი ვანდალიზმი ჩვენთან, სამოქალაქო ომს თუ არ ჩავთვლით, არც მახსენდება. შრომის რეგულირების უარყოფით გავლენას ეკონომიკურ განვითარებაზე, გარდა რადიკალი მემარცხენეებისა, არავინ უარყოფს. მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების შესაფასებლად წარმოებული ეკონომიკური კვლევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი შრომის ბაზრის თავისუფლებაა. ამ კვლევების შედეგებს ეჭვის ქვეშ არავინ აყენებს რადიკალი მემარცხენეების ჩათვლით.

დამსაქმებლის და დასაქმებულის ურთიერთობის თავისუფლების სასარგებლოდ უამრავი ემპირიულად დადასტურებული ეკონომიკური არგუმენტი აქვთ დაწერილი ცნობილ ეკონომისტებს, ხოლო ეთიკური არგუმენტები – პოლიტიკურ ფილოსოფოსებს. სამწუხაროდ, მე რაიმე ახალი არგუმენტის გაზიარება არ შემიძლია, თუმცა ძალიან არ მინდა შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მოხდეს.

როგორც მოქმედი კოდექსის შექმნაში მონაწილემ, მინდა ჩვენი ისტორია მოგიყვეთ. იმედი მაქვს, რეალობის გაგების მსურველებისთვის საინტერესო იქნება.

2006 წლამდე, ვიდრე პარლამენტი მოქმედ კოდექსს მიიღებდა, ძალაში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდის შრომის კოდექსი იყო. საქართველოს დამოუკიდებლობის 15 წლის მანძილზე მასში უმნიშვნელო ცვლილებები იყო შეტანილი და ძირითადად რეალობას ძალიან აცდენილი ნაწილები გახლდათ ამოღებული. მაგალითად, ამხანაგურ სასამართლოებში დავების განხილვის შესახებ წესები და კოლმეურნეობის მუშაკების შრომის რეგულაცია გააუქმეს. კარგი მეხსიერების მქონე ადამიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ მთელი 90-იანები, რეალურად, ახალ კოდექსზე მსჯელობის დაწყებამდე, პროფკავშირების გარდა, ცოტა ვინმეს თუ აინტერესებდა შრომის კანონმდებლობა.

რატომ? იმიტომ, რომ შრომის კანონმდებლობის აღსრულება არ ხდებოდა. ამის მთავარი მიზეზი იყო ჩრდილოვანი ეკონომიკა. დაქირავებულები არალეგალურად იღებდნენ ხელფასს, რადგან დამქირავებელი გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით საგადასახადოს შემცირებულ სახელფასო ხარჯებს უჩვენებდა. საშემოსავლო და სოციალური გადასახადის ზომა დამქირავებლისთვის მნიშვნელოვანი ხარჯი იყო და ერჩივნა საგადასახადო ინსპექტორისთვის ქრთამი გადაეხადა, ვიდრე რეალური ხელფასი დაებეგრა. მარტივად რომ ვთქვათ, შრომა 2005 წლამდე ძირითადად ექსტრალეგალურ სივრცეში იყო. კანონის აღსრულება ძალიან მარტივი მიზეზით არ ხდებოდა. შრომის ანაზღაურებას, დაქირავებული და დამქირავებელი შეთანხმებულად უმალავდნენ სახელმწიფოს.

შრომის კანონმდებლობის დაცვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას – შრომის ინსპექციას ევალებოდა. თუმცა მისი პოლიტიკური წონა საგადასახადო სამსახურთან შედარებით უმნიშვნელო იყო. ქრთამს საგადასახადო იღებდა და მას ამ საქმეში კონკურენციას შრომის ინსპექცია ვერ უწევდა. მახსოვს, იმჟამინდელი შრომის ინსპექციის უფროსი ერთხელ სიამაყით მიყვებოდა, როგორ აღმოაჩინეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევა კარუსელების შემოწმების დროს. კარუსელებით, წესით, მომხმარებლები სარგებლობენ და არა ორგანიზაციის თანამშრომლები, ამიტომ მაშინ ვერ გავიგე, რატომ ამოწმებდა შრომის ინსპექცია მომხმარებლის უსაფრთხოებას. შრომის ინსპექციის ფაქტობრივი საარსებო წყარო ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის შემოწმება იყო, რაშიც წვრილმან ქრთამს იღებდნენ. ახლა გასაგებია, რომ თუ „უსაფრთხოების სტანდარტებია“ შემოსავლის წყარო, რა მნიშვნელობა აქვს, ვის უსაფრთხოებას შეამოწმებდა.

წინა მთავრობის გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების უნარი ალბათ საკამათო არ არის. კარგი მაგალითია გადასახადების შემცირების პარალელურად საგადასახადო ადმინისტრირების ისე გაუმჯობესება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მრავალჯერ გაზარდა.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ წინა ხელისუფლებას შრომის ინსპექციის გაუქმების ნაცვლად მისი რეფორმა მოეხდინა და მის უფროსად ვანო მერაბიშვილის მსგავსი პოლიტიკური წონის აქტივისტი დაენიშნა. ან მერაბიშვილს ისეთივე ანტიკორუფციული რეფორმა გაეტარებინა, რაც სხვა სახელმწიფო უწყებებში გაკეთდა. იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება ბიზნესისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა და შედეგად, შრომის ღირებულება და უმუშევრობა მკვეთრად გაიზრდებოდა, შრომითი ურთიერთობის ჩრდილიდან გამოსვლა გართულდებოდა, ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდებოდა და ბიუჯეტიც ნაკლებ ფულს მიიღებდა. უკანასკნელზე მე არ ვიდარდებდი, მაგრამ ეჭვი მაქვს, მთავრობისთვის ზუსტად ეს ფაქტორია ასეთი სცენარის მთავარი საწინააღმდეგო არგუმენტი. მგონი, არც მოქმედ მთავრობას უნდა მოსწონდეს ეს შედეგი.

რა გავლენა მოახდინა 2006 წლის შრომის კოდექსმა? მან არსებული პრაქტიკა კანონიერ სივრცეში გადაიტანა ანუ რეალობის ლეგალიზება მოახდინა. დარწმუნებული ვარ, კოდექსის შეცვლა (პროფკავშირის გარდა) არავის უგრძვნია. არ უგრძვნია იმიტომ, რომ არაფერი მომხდარა. დრაკონული საბჭოთა შრომის კოდექსი პოსტსოციალისტურ საქართველოში საკუთარ ტყავზე კერძო სექტორს არ გამოუცდია. დღევანდელისგან განსხვავებით, 2006 წელს დამსაქმებლები და დასაქმებულები არ გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციას, რადგან ვერ ხვდებოდნენ, რატომ უნდა გამოეხატათ მხარდაჭერა რიგითი კანონის ცვლილებისთვის, რომელიც მანამდეც არ აწუხებდათ.

ვფიქრობ, ადამიანები, ვინც შესაძლოა დარწმუნებულებიც არიან, რომ მოქმედმა კოდექსმა გააუარესა დაქირავებულის მდგომარეობა და ის დამქირავებლის ინტერესებს გამოხატავს, არ ითვალისწინებენ, რომ ზემოთ მონათხრობი საქართველოსთვის სპეციფიკური მდგომარეობის გამო, მოქმედ კანონს გავლენა შრომის ბაზარზე არ მოუხდენია.

დღეს განსხვავებული რეალობაა. სახელმწიფო გაძლიერდა, შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს შრომის ბაზარზე. კოდექსის პროექტში ბევრი სულელური და მავნე ახალი წესის დადგენა იგეგმება. თუმცა, ჩემი აზრით, ფუნდამენტური ცვლილება ერთია. დამსაქმებელს უჩნდება მენეჯერული გადაწყვეტილების მტკიცების ტვირთი.

დათხოვნილ თანამშრომელს სამსახურიდან გაშვების მოტივად არავინ დაუწერს რომ ისინი იეღოველები, პროფკავშირის წევრები, ჩინელები და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები არიან. არც იმას დაუწერენ, რომ სამსახურში დასაბანები დადიან, ზარმაცობენ და დისციპლინას არღვევენ. ყველაზე ხშირ, თითქმის ერთადერთ წერილობით გაცემულ მოტივად, დამსაქმებლები ბიზნესის ობიექტურ საჭიროებას დაასახელებენ.

დავის შემთხვევაში მხარეების ურთიერთობაში მტყუან-მართალი უნდა გაარკვიოს მესამე მხარემ. ეს მხარე შეიძლება იყოს სასამართლო ან სამმხრივი კომისია – გაუგებარი კოლექტიური ორგანო.

კოდექსის ცვლილებების პროექტში არსად წერია, რომ თუ, მაგალითად, დავის განხილვის შედეგად მიღებული იქნება დამსაქმებლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება ანუ გათავისუფლებული დასაქმებულები დამქირავებლის ნების საწინააღმდეგოდ დაბრუნდებიან ოფისებში, რითიც შემდგომში ზიანი მიადგება კომპანიას, ვინ აანაზღაურებს კომპანიის მესაკუთრეებისთვის მიყენებულ ზარალს.

მესამე მხარეს, დამქირავებლის ნაცვლად, უჩნდება შესაძლებლობა, შედეგზე პასუხისმგებლობის გარეშე მიიღოს მმართველობითი გადაწყვეტილება. ნუთუ ძნელი მისახვედრია, რა შედეგი მოაქვს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას?

სიტყვა „მონურის“ ანტონიმი „თავისუფალია“. საოცარია, რა განსხვავებულად გვესმის ადამიანებს თავისუფლება!

 

კომენტარები