ათი მცნება არდადეგებისთვის

რამდენიმე დღეა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე დისკუსია მიმდინარეობს. დეტალებზე ნუ შევჩერდებით, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის. სხვადასხვანაირად, მაგრამ იცის. დრო საკმარისზე მეტი გვქონდა, რომ ეს ფუნდამენტური ამბავი ერთნაირად გვცოდნოდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, არ გამოგვივიდა. როგორც ყოველთვის, ქართველებს არცერთი საერთო ეროვნული ინტერესი არ გვაქვს.

თავი გავანებოთ იმას, თუ როგორ განვითარდა ნატოსთან დაკავშირებული მოვლენები პოლიტიკური კუთხით, რომელი განცხადება რას ნიშნავდა, რომელი სვლა იყო სწორი და რომელი - მცდარი. ჩემთვის აქ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ იმ დღეებში საზოგადოების დიდი ნაწილი ამბობდა: შევიდეთ „ესენგეში“, მერე რა!

ამ შემაძრწუნებელმა სიტყვებმა ბევრი რამ გამახსენა. მაგალითად, „შემოვიდენ ტანკები, ერთმორწმუნე ხალხია მაინც, მერე რა“. ან, „გავაუქმოთ ოკუპაციის მუზეუმი, მერე რა“. ან, „აღვადგინოთ რუსებთან (ოკუპანტ ქვეყანასთან) ეკონომიკური ურთიერთობები, მერე რა“. ან, „იდგეს სტალინის ძეგლი, მერე რა“. და ასე შემდეგ.

ფრაზა - შევიდეთ „ესენგეში“, მერე რა - შეიძლება აღვიქვათ, როგორც უშუალოდ დსთ-ში დაბრუნების სურვილი, როგორც ნატოსა და ევროკავშირისადმი ინდიფერენტულობა, როგორც საბჭოური სისტემის ნოსტალგია, როგორც სააკაშვილის მიმართ ბოღმა ან როგორც უბრალოდ უტვინობა.

საქართველოს სულ სამი გზა აქვს. პირველი - დასავლური ფასეულობებისკენ სწრაფვა, სახელმწიფოს და დემოკრატიის მშენებლობის სწავლა, ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაცია, შრომა, განათლება, კონკურენცია და რაც მთავარი და ქართველებისთვის ნამდვილი კოშმარია, პასუხისმგებლობის აღება ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ. მეორე - დაბრუნება იმ სივრცეში, საიდანაც გამოვიქეცით, სადაც არც შრომა გვიწევდა, არც სწავლა და არც პასუხისმგებლობის აღება. მესამე - არავითარი ორიენტაციები, არც დასავლეთი და არც ჩრდილოეთი, ვაყალიბებთ საკუთარ გეგმას და ამ გეგმის მიხედვით ვვითარდებით.

ალბათ ყველანი ვთანხმდებით, რომ მესამე ვარიანტი თეორიულად შესაძლებელი, მაგრამ პრაქტიკაში - სასაცილოა. რჩება ორი.

საზოგადოების მოზრდილ ნაწილს უნდა, ნაწილი კი დიდად არც ეწინააღმდეგება პირობით „ესენგეში“ შეტრიალებას, სამყაროში, ალბათ ყველაზე ირონიული სახელწოდებით: დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. დაიღალა ხალხი ამ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე. ამ ნატოშიც არ გვიღებენ და ხვეწნას ხო არ დავიწყებთ, ამოვიდნენ ყელში. დემოკრატიაა, რა, არ შეიძლება დავიღალოთ? წამოგორება მოგვინდა, ბოზბაშ-ჩიხირთმის არგუმენტებით წახმალავება მოგვენატრა. ვერც კინო გადავიღეთ, ვერც ფეხბურთი ვითამაშეთ და ვერც ქარხნები ავაგუგუნეთ. ჰოდა, აღარ გვინდა.

მე არ ვიცი, რას ფიქრობს ახალი მთავრობა სამომავლო მიმართულებებზე, შეიძლება ნატოში უნდა, შეიძლება დსთ-ში, ყველაფერი შეიძლება. მაგრამ ფაქტი ერთია - ერი, როგორც ასეთი, გადაიღალა და უნდა დაისვენოს.

და იმისთვის, რომ ეს ნანატრი არდადეგები, როგორც ბ-ნი სეფერთელაძე იტყოდა, მაქსიმალურ კომფორტში გავატაროთ, გთავაზობთ ახალ, რეალობაზე კარგად მორგებულ ათ მცნებას.

მცნება პირველი - მერე რა.

მცნება მეორე - გაუმარჯოს.

მცნება მესამე - არ მოგვეწონება და გავაგდებთ.

მცნება მეოთხე - არა - ადეკვატურობა.

მცნება მეხუთე - არა განახლდე.

მცნება მეექვსე - არა იბანო.

მცნება მეშვიდე - არა იფიქრო.

მცნება მერვე - არა ისწავლო.

მცნება მეცხრე - არა იშრომო.

მცნება მეათე - ალა პუგაჩოვა.

კომენტარები