განათლების სისტემა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ

სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო უწყებების ვირტუალურ მეხოტბეებს არამხოლოდ მარკეტინგული დაკვეთების შესრულება შეუძლიათ. თებერვლის ბოლო დღეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს Facebook-ის გვერდზე უცნაური მოვლენა მოხდა. სკოლების ლოგოს შემუშავების კონკურსთან დაკავშირებულ სიახლეზე, ორი საათის განმავლობაში, 160-მა ადამიანმა, 305 კომენტარი დაწერა. ბოლო კომენტარის გარდა, ყველას ერთი მიზანი ჰქონდა – საქართველოს ორი მოქალაქის დამცირება და ღირსების შელახვის საფუძველზე სახელმწიფო მოხელეების მიერ გადადგმული ნაბიჯების გამართლება.

მარტის შუა რიცხვებიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს Facebook-ის გვერდზე უცნაური ჯგუფი გააქტიურდა. ბატონ დიმიტრი შაშკინს ხან დავით აღმაშენებელს ადარებენ, ხან საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე მის განუზომელ წვლილზე საუბრობენ. ტიპური კომენტარებია: „უმაღლესი კლასის მინისტრი ყავს ჩვენს ქვეყანას”, “განათლების სისტემაში გატარებული პოზიტიური რეფორმებით და ეფექტიანი მიღწევებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ინტერესდებიან...”, “ყოველგვარ გამოთვლით მანქანებზე ანგარიშის გარეშე შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ უფრო მეტი მოსწავლე უფრო ჩქარი ნაბიჯით მიეშურება სკოლისაკენ, თითქმის ვეღარავენ ბედავს ღობეზე გადახტომით უშველოს მოძალებულ სიზარმაცეს ბოლო გაკვეთილებზე, მოჩხუბარიც ნაკლებია და დამტვრეული ინვენტარიც”.

მესამე წელია, სკოლებს ოფიციალური ბრძანებით და ზეპირი მითითებით, მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მკვლევრებთან თავისუფლად ურთიერთობა აუკრძალეს. სამინისტრომ სკოლებს დამოუკიდებლად სხვა გადაწყვეტილებების მიღებაც პრაქტიკულად აუკრძალა. სისტემის დისციპლინირებისთვის გაათავისუფლეს სკოლის დირექტორების ნაწილი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც სულაც არ აკრიტიკებდნენ სამინისტროს, ამავდროულად, არაერთი მანდატური დააწინაურეს სკოლის დირექტორად და რესურსცენტრის ხელმძღვანელად.

ამგვარ ვითარებაში მეხოტბეების გააქტიურება თითქოს ლოგიკურიც იყო. სკოლებში მრავალი ადამიანი მუშაობს, რომელსაც გამოვლილი აქვს დრო, როდესაც პარტიისა და მისი ხელმძღვანელობის ქება-დიდება კარიერული წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანი გზა იყო. თუმცა, როგორც ჩანს, საქმე სხვა, არანაკლებ უსიამოვნო მოვლენასთან გვაქვს.

ინტერნეტმეხოტბეების ჯგუფი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს Facebook-ის გვერდზე მასიურად პირველად 29 თებერვალს გამოჩნდა. ამ დღეს, 160 ადამიანი ერთდროულად შეწუხდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს Facebook-ის გვერდზე შევიდა და საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ საკუთარი აზრი გამოხატა. მათ Facebook-ის პროფილებში თუ შეხვალთ, აღმოაჩენთ, რომ ისინი უბრალოდ ყალბია. მათ უმეტესობას თავის გამოსახულებად ცნობილი მსახიობებისა და მოდელების, ან ავტომობილების ფოტოები აქვთ დაყენებული. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას Facebook-ში მეგობარი არ ჰყავს, ან მხოლოდ მათნაირ ყალბ პროფილთან არის „დამეგობრებული”. მათი უმეტესობა 2012 წლის იანვრის ბოლო კვირაშია დარეგისტრირებული Facebook-ზე. იგივე მეხოტბეები საქართველოს პრეზიდენტის Facebook-ის გვერდზეც ასევე წერენ პათეტიკურ ტექსტებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ნაკლები ინტენსივობით, ვიდრე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გვერდზე.

თემა, რომელზეც ყალბი მომხმარებლების მობილიზება მოხდა, თბილისის 53-ე სკოლიდან გარიცხულ მოსწავლესა და მის დედას მიეძღვნა. მედიის სხვადასხვა საშუალებითა და სასამართლოში დედა ჩიოდა, რომ მისი შვილი დირექტორმა უსამართლოდ დაადანაშაულა ხულიგნობაში და სკოლიდან უკანონოდ გარიცხა. ის ასევე წუხდა, რომ სხვა სკოლები შვილის მიღებაზე სამინისტროს ნებართვის გარეშე უარს ეუბნებოდნენ. პარლამენტში 27 თებერვალს გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ეს შემთხვევა სწავლის უფლების დარღვევის მაგალითად წარუდგინეს. პრეზიდენტისგან კი მოვისმინეთ, რომ ამგვარი ხულიგნების ადგილი სკოლაში აღარ არის.

მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლების მძაფრი რეაქციის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ოფიციალურ გამოსვლაში ისაუბრა იმის შესახებ, რომ ის ზრუნავს გარიცხულ მოსწავლეზე. ამავდროულად, უდავოა, რომ სამინისტრო თავისი Facebook-ის გვერდის მეშვეობით სხვა გზავნილის გავრცელებას ფარულად ცდილობს. თუ გარიცხულ მოსწავლესთან დაკავშირებულ კომენტარებს წაიკითხავთ, რთულია არ შეგეშინდეთ, რადგან კარგად ჩანს, რომ სახელმწიფოს უზარმაზარი რესურსების მობილიზება შეუძლია იმისთვის, რომ უბრალო მოქალაქის ღირსება და უფლებები გასრისოს.

მიუხედავად იმისა, რამდენად მართალია გარიცხული მოსწავლე და მისი მშობელი, სახელმწიფოს ვალია მისი უფლებები და ღირსება დაიცვას. ჩვენ კი საპირისპიროს ვხედავთ. Facebook-ის ყალბი მომხმარებლების კომენტარებით, სახელმწიფო ცდილობს საზოგადოება შემდეგში დაარწმუნოს: ეს გარიცხული მოსწავლე არის გაუზრდელი, თითქმის კრიმინალის ჩამდენი პიროვნება, რომლის სკოლაში შეშვების წინააღმდეგია მშობლების დიდი ნაწილი.

აი, კომენტარების ნაწილი: „დიდი შეცდომა დაუშვა მაგ ქალბატონმა, შვილი გაწირა კრიმინალისთვის, თან დაუფიქრებლად. ჩემი შვილი რომ რომელიმე სკოლაში სწავლობდეს, არ მინდა თქვენი შვილიც იქ იყოს!”; „მადლობა თქვას, რომ საერთოდ რომელიმე სკოლაში იღებენ მის შვილს”; „ჩემი მეგობრის კლასში სწავლობდა ეგ ალექსიძე და როგორც იმ მოსწავლისგან ვიცი, მაგარი თავხედი და უზრდელი ბავშვია”, „მადლობა ღმერთს, ხალხი რომ ბრმა არ არის და ყველა სამინისტროს გადადგმულ ნაბიჯს ხედავს. მეტი რაღა ექნათ, მასეთი უზრდელი და თავხედი მოსწავლისთვის სამტრედიაშიც კი არ უნდა იყოს ადგილი”; „რა გადაგვაყოლეთ ბოლოსდაბოლოს ვიღაც კრიმინალ ალექსიძეს და მის უზრდელ მშობელს რა. ალექსიძის ადგილი ციხეშია, დედამისის კი ფსიქიატრიულში”.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეს საზოგადოებისთვის პრაქტიკულად დახურული დაწესებულებაა. ის არ გასცემს სათანადოდ საჯარო ინფორმაციას, არ იძლევა საშუალებას, დამოუკიდებელი წყაროებიდან ვიცოდეთ თუ რა ხდება განათლების სისტემაში. ამავდროულად, ის გეგმაზომიერად აყალბებს ინფორმაციას და სახელმწიფო რესურსებს სახელმწიფოს წარმომადგენლების და არა მოქალაქეების ინტერესების დაცვას ახმარს.

როდესაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ იძლევა საჯარო ინფორმაციას, ან სკოლებს გაუმჭვირვალეს ხდის, შეგვიძლია ვისაუბროთ ბიუროკრატების მიერ გრძელვადიან პერსპექტივაში სისტემის არაეფექტურ მართვაზე. როდესაც ინტერნეტში სახოტბო პათეტიკური ტექსტის წერით ქმნის ილუზიას, რომ საზოგადოება აღფრთოვანებულია განათლების პოლიტიკით, შეიძლება მარკეტინგის არაეფექტურობაზე ვიმსჯელოთ. მაგრამ, როდესაც სახელმწიფო თავის რესურსებს იმისთვის იყენებს, რომ მოქალაქეები დაამციროს, მათი ღირსების შემლახველი, სიძულვილით სავსე ტექსტები გაავრცელოს, საქმე უკვე რეპრესიულ მოქმედებასთან გვაქვს.

განათლების, ან სხვა რაიმე პოლიტიკის მიზანი ვერ იქნება იმდენად დიდი, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის დასაშვები გახადოს ამორალური გზით საკუთარი ნაბიჯების უპირატესობაში დაგვარწმუნოს. სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი აზრის კონკრეტული მოქალაქეების გასარიყად მომართვის მცდელობა კი, უბრალოდ, საშიში პრეცედენტია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ოფიციალური თუ არაოფიციალური ინფორმაციის ძირითადი წყარო, გაუმჭვირვალე და არათავისუფალი სისტემის დამნერგავები არიან.

 

კომენტარები