კარაქი და დემოკრატია

წარმომიდგენია მკითხველის პირველი რეაქცია ამ შედარებაზე. ისიც ვიცი, ამ სტატიის წაკითხვისთანავე დიქტატურის მომხრედ გამასაღებს. მაგრამ მოდი მაინც ვცადოთ კარაქსა და დემოკრატიას შორის კავშირის დამყარება.
კარაქს და დემოკრატიას ერთი რამე აქვთ საერთო: ადამიანები არჩევანს აკეთებენ. კარაქის შემთხვევაში შენი არჩევანი პირადია, ხოლო დემოკრატიის – კოლექტიური. როდესაც შენ პირად არჩევანს აკეთებ (მე ვყიდულობ ჩემთვის), უფრო მეტი რაციონალობა გაქვს, რადგან შედეგი შენ გეხება, ხოლო როდესაც კოლექტიურს (არჩევნებში ხმას მე ვაძლევ, მაგრამ შედეგი კოლექტიურია) – შენი რაციონალობა გაცილებით დაბალია. 
კარაქი მარგებელია. მის შესაძენად გარკვეული ცოდნა გჭირდება – ეს ცოდნა შესაძლებელია რომელიმე წიგნიდან მიიღო ან ინტერნეტიდან (მაგალითად, youtube-ის ვიდეოდან). რჩევისათვის შეიძლება მეზობელსაც მიმართო, მაგრამ უფრო ხშირად ადამიანები საკუთარ გამოცდილებას არჩევენ, რადგანაც კარაქი არა მხოლოდ სასარგებლო თვისებების გამო გაინტერესებს, არამედ გემოვნებითაც. „გემოვნებაზე არ დავობენ” და ნებისმიერი მცდელობა, ვინმეს გემოვნება თავს მოახვიო, შენი ბიზნესის გაკოტრებით დამთავრდება. ეს კარაქის გამყიდველებმა კარგად იციან და ამიტომ ცდილობენ ყველას მისთვის შესაბამისი გემოვნების, ხარისხის და ფასის კარაქი შესთავაზონ. მყიდველს ჯადოსნური უფლება გაქვს იყიდო ან არ იყიდო კარაქი. 
სანამ მყიდველს ვინმე (მაგალითად, მთავრობა) არ გაიძულებს, შენთვის არასასურველი კარაქი იყიდო, არჩევანისას თავისუფალი ხარ. თუ კარაქი არ მოგეწონა, შემდეგ ჯერზე სხვა კარაქის ყიდვა, მხოლოდ შენი ფინანსური მდგომარეობითაა შეზღუდული. გამყიდველმა  იცის, რომ თუ კლიენტის გემოვნებას ვერ მოერგო, ეს შესაძლებელია კონკურენტმა მოახერხოს. ბაზარზე არჩევანს ყოველდღიურად აკეთებ და ამით გამყიდველებს სიგნალებს უგზავნი იმის შესახებ, რა მოგეწონა და რა – არა. გამყიდველიც ყოველდღიურად რეაგირებს, ადარებს სხვა კონკურენტებთან, იღებს შენს არჩევანთან მიახლოებულ გადაწყვეტილებას.
თავისუფალი ბაზრის კიდევ უფრო დიდი უპირატესობა არის ის, რომ მას შემდეგ, რაც დარწმუნდი, რომ კარაქი არ მოგეწონა, შენ შეგიძლია ამ კარაქზე უარი თქვა და დაუყოვნებლივ შეაჩერო მისი მოხმარება, ახალი კარაქის შეძენის მომენტამდე. ამ მოქმედების სწრაფად განსახორციელებლად, როგორც ზემოთ ვთქვი, მხოლოდ ფინანსური შესაძლებლობა შეიძლება გზღუდავდეს. 
არჩევანი კიდევ უფრო ფართოა, თუ კარაქის ბაზარზე არავინ ერევა და მისი მომხმარებლამდე მიწოდების არც ერთი ფაზა არ არის შეზღუდული, მათ შორის საერთაშორისო ბაზრებიდან. 
როგორც არ უნდა ეცადონ, დემოკრატია მაღალ ღირებულებად წარმოგვიჩინონ, ადამიანების უმრავლესობა მაინც თვლის, რომ დემოკრატია საკუთარი პრობლემების მოსახსნელად სჭირდებათ. მაგალითად, შესაძლებელია გარკვეულ პირობებში დემოკრატიამ პოლიტიკურ ძალთა იმგვარი კონკურენცია მოიტანოს, რომ ამ უკანასკნელმა ადამიანის უფლებების დაცვა განაპირობოს. 
დემოკრატიას ბევრი პრობლემა აქვს. მაგალითად, მის მიერ შექმნილ პარლამენტს უჭირს სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღება. მისი პროდუქტია მთავრობა, რომელიც ცდილობს უსაზღვროდ გააფართოოს თავისი ფუნქციები და დახარჯოს ბევრი ფული, რადგანაც, მაგალითად, თვლის, რომ მან უკეთ იცის რა სჭირდება ხალხს, ვიდრე ბიზნესმა, კერძო პირებმა, ისეთმა ინდივიდებმა, როგორც მე და შენ, მკითხველო. დემოკრატიაში არჩევანი შეზღუდულია, მაგალითად იმით, რომ იგი ყველაზე დახურული კლუბია, მასში მიღება და მის შიგნით არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ამ კლუბის წევრებს – მოქალაქეებს შეუძლიათ.
დემოკრატია, როგორც ზემოთ აღვნიშნე, არჩევანს შეეხება – მომხმარებელს/მოქალაქეს უფლება აქვს საკუთარი წარმომადგენელი აირჩიოს სხვადასხვა სახელმწიფო წარმომადგენლობით ორგანოში – მისი ინტერესების დასაცავად. საკუთარი ინტერესი სხვებთან ერთად უნდა განახორციელო. ასეთი კოლექტიური მოქმედება უნდა ეყრდნობოდეს რესურსების საერთო მოხმარების, თანამშრომლობის სურვილს, ინტერესების თანხვედრას, ურთიერთპატივისცემას, ნდობას. 
აბა, სცადე რამდენიმე პირთან ერთად ავტომობილის მოხმარება, პირველივე პრობლემის აღმოჩენისას ყველა შეეცდება სხვას დააბრალოს რაიმე წარმოშობილი პრობლემა. ზოგადად საერთოობა ყველგან ცუდად მუშაობს. ვისაც ამ ათიოდე წლის წინ საშუალება ჰქონია აღმოსავლეთ გერმანიაში ემოგზაურა, დარწმუნდებოდა, რომ საცხოვრებელი შენობების სადარბაზოები იქაც მოუწესრიგებელი იყო. 
ამას ეკონომისტები საერთოობის ტრაგედიას ეძახიან, რაც საერთო ქონების და რესურსების მოხმარების სირთულეს ნიშნავს. ასეთი პრობლემა კერძო სექტორში ისეთივე სიადვილით წყდება, როგორც კარაქის მაგალითისას: სააქციო საზოგადოებაში, რომელიც ასევე წარმოადგენს რესურსების საერთო მოხმარებას, კერძო პირს შეუძლია დაუყოვნებლივ უარი თქვას ამ საერთო საქმიანობაში მონაწილეობაზე და მისი ეს უფლება, რესურსების გამომყენებელ მენეჯერებს სამსახურის დაკარგვით მაინც ემუქრება.
სახელმწიფო საერთოობის ტრაგედიის ყველაზე მკაფიო და მაქსიმალური მოდელია. მოქალაქეს აქვს უფლება სახელმწიფოზე ზემოქმედება მოახდინოს – ხმის მიცემა და საქმიანობაზე დაკვირვების საშუალებები ამის გარკვეულ შესაძლებლობას ქმნის. თუმცა საერთოობის ტრაგედიის მოქმედება ყოველდღიურად ხდება და მისი აღრიცხვა და მასზე რეაგირება საკმაოდ დიდ ძალისხმევას – რესურსებს და დროს – საჭიროებს. 
ამომრჩეველი მოქალაქის ყველაზე დიდი შესაძლებლობა, შეაჩეროს და შეცვალოს საერთო რესურსების არასწორად გამოყენება, მკვეთრადაა შეზღუდული პოლიტიკური პროცესის ვადებით. საკუთარი წარმომადგენელი, როგორც წესი, ოთხ ან ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა აირჩიო. ანუ, საერთო რესურსის არასწორად გამოყენება რომ კარგად დაინახო, ამის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი არჩევნების შედეგად. არსებობს უფრო არაორდინარული გზებიც, მაგრამ დემოკრატიისათვის უფრო მისაღებია არჩევნების გზა. ამას გარდა, წარმომადგენელი, რომელიც აირჩიე, მხოლოდ პროცესის წესებს ადგენს, ხოლო მას ჩვეულებრივი მოხელე განახორციელებს. ასეთი მოხელის შეჩერება არა მხოლოდ არჩევნებში სასურველი პოლიტიკური ძალის გამარჯვებაზეა დამოკიდებული, არამედ იმაზეც, რამდენად სწრაფად შეიცვლება კანონმდებლობა, აღმასრულებელი ხელისუფლება და კონკრეტული ხელმძღვანელი პირები. მნიშვნელოვანია დაიჯერო, რომ ახლად დანიშნული მოხელეები მკვეთრად განსხვავდებიან წინასგან და შენს რესურსებს ისინი არავითარ შემთხევაში არ გაფლანგავენ.
რაც მთავარია, მოქალაქე ამომრჩეველი შეზღუდულია სამოქმედო სფეროთი – ადგილით, სადაც ხმას აძლევს. მას თითქმის არ შეუძლია, ან გაუჭირდება – ძვირი დაუჯდება – საკუთარი საარჩევნო ქვეყნიდან სხვაგან გადასვლა, სადაც მის რესურსებს ნაკლებად გაფლანგავენ. ასევე ძნელად მოძებნით ქვეყანას, რომელიც ეთანხმებოდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეების კანდიდატობას საკუთარ არჩევნებში. როგორც არ უნდა არ მოგწონდეს საკუთარი არჩეული წარმომადგენელი, ამ არჩევანს და მისი შედეგების მოხმარებას ვერ შეაჩერებ დაუყოვნებლივ, ისე, როგორც ეს კარაქის შემთხვევაში შეგიძლია. 
ამ შემთხვევაში ლოგიკურია ამომრჩეველს გაგიჩნდეს სურვილი, არ აღჭურვო საკუთარი წარმომადგენელი დიდი ძალაუფლებით, რადგან მისი შეჩერება გაგიჭირდება. კარაქის შემთხვევასთან რომ პარალელი გავავლოთ – კარაქს, თუ მისი ხარისხი ან გემო არ იცი, მცირე ოდენობით ყიდულობ, რომ თუ არ მოგეწონა, მისი გადაგდებით დიდი ზარალი არ მიიღო. სწორედ ასევე, უმჯობესია, შენ მიერ არჩეულ წარმომადგენელს ძალიან მცირე ძალაუფლება მისცე, რათა დიდი ზიანის მოყენება ვერ მოასწროს ოთხი წლის განმავლობაში.
წარმოიდგინე ახლა კარაქის ხარისხის კონტროლი მთავრობამ რომ აიღოს თავზე. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს არ ვანდობთ, თვითონ აირჩიოს და გაერკვეს რას ყიდულობს. ამავდროულად, ამავე ადამიანებს ვანდობთ არა მარტო საკუთარი ბედ-იღბალის გადაწყვეტას მომავალი ოთხი წლით, არამედ სხვებისაც. ან ერთია სწორი, რომ ადამიანებს არ შესწევთ ასეთი გადაწყვეტილების სწორად მიღების უნარი – აბა, მაშინ რატომ უნდა გავუკონტროლოთ რომელ კარაქს მიირთმევენ, ან მეორე – ამის უნარი შესწევთ და უნდა ვენდოთ, რომ წარმომადგენელსაც სწორად აირჩევენ და კარაქსაც, სხვისი ჩარევის გარეშე. 
დაბოლოს, ალბათ არავის სჯერა, თითქოს მომხმარებლებმა არ იციან, რომ 2-ლარიან კარაქს 5-ლარიანი სჯობს. გამყიდველებსაც არაფერი ზღუდავთ, რომ უკეთესი გაყიდონ. 
მაშინ, გამოიცანით: რატომ ყიდულობენ იაფს? 

კომენტარები