ზრუნვით დამაშვრალნი

ვინც ტელევიზორს არ უყურებს და ინტერნეტშიც კონკრეტულ მისამართებზე შედის, შეიძლება არ იცოდეს, რომ თურმე მთავრობას, 2011 წლის გაზაფხულზე გლეხებისთვის შეუთავაზებია მაღალპროდუქტიული ე.წ. ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალა. არც ერთი მთავრობისაგან სოფლის მეურნეობის სუბსიდირება არ არის გასაკვირი. პერიოდულად დიზელის საწვავს და ტრაქტორებს რომ ვყიდულობთ – მახსოვს. ასევე მესმის, რომ სოფელი პოლიტიკური თემაა. ყველას უნდა სოფლად მცხოვრები ამომრჩევლის გულის მოგება და პოლიტიკოსები ამ სფეროსათვის თავის დანებების და თავისუფალი ბაზრისთვის მინდობის უფლებას თავს ვერ აძლევენ. 

ვვარაუდობ, სიმინდს ასეთი ისტორია ჰქონდა: ვიღაცამ ნახა, რომ მსოფლიოში არსებობენ ფირმები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო კულტურების სელექციის ბიზნესით არიან დაკავებულები. მათი სათესლე მასალაც, შესაბამისად, უფრო მეტ მოსავალს იძლევა, ვიდრე ჩვენში გავრცელებული ჯიშები. ამიტომ მარტივად გაითვალა, რომ თუ მთავრობა იყიდის ამ თესლს და განვადებით მისცემს გლეხებს, ისინი კი მეტ მოსავალს მიიღებენ, მთავრობაც დაიბრუნებს თესლში დახარჯულ ფულს და გლეხებიც ბედნიერები იქნებიან. 

მოვიდა შემოდგომა და მოხდა სოფლის მეურნეობისათვის ჩვეულებრივი ამბავი. ზოგმა მიიღო კარგი მოსავალი, ზოგმა ვერ მიიღო. მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მთავრობამ უვარგისი პროგრამა გააკეთა და აზარალა მოახლოებული არჩევნებისათვის ეგზომ გაძვირფასებული ამომრჩეველი, რადგან მაგალითად არ აუხსნა, როგორ უნდა მოევლო საკუთარი ყანისთვის. მთავრობისაგან ითხოვენ იმაზე მეტი სისულელის ჩადენას, ვიდრე მან თავისით მოიფიქრა. თურმე საჭიროა, ხალხს, ვინც იზარალა, თესლის განვადება არ აკმაროს. სწორი იქნება, გადასახადის გადამხდელების ფულით ნაყიდი თესლი აჩუქოს, მომავალ წელს სასუქიც დაურიგოს, ტრაქტორიც მიახმაროს და, მთლად ფანტასტიკური, თუ ყანასაც გაუთოხნის. მმართველი პარტია, თავის მხრივ, თავდაჯერებულად ამტკიცებს, რომ მათი გათვლა სწორი აღმოჩნდა და მოსავალი წინა წლებთან შედარებით ბევრად მეტი მოვიდა. გლეხები ბედნიერები არიან და ეკონომიკამაც ამოისუნთქა, რადგან იმდენი სიმინდი გვაქვს, რომ ჩვენ ვეღარ მოვერევით და მსოფლიო ბაზარზე გავყიდით. ფაქტები არ ვიცი, მაგრამ რადგან ამ თემაზე მთავრობას არ ეკამათებიან, შთაბეჭდილება რჩება, რომ ჯამში მართლა მეტი სიმინდი მოვიდა და თუ წარმატება-წარუმატებლობას მოსავლის ჯამური წონით გავზომავთ, მთავრობა მოიგებს. 

მავანი დაინტერესდება, თუ ინტრიგანი ან ამომრჩევლის გულის მოგების სურვილით შეპყრობილი არ ვარ, რატომ არ მომწონს ეს პროგრამა?

რატომ და იმიტომ, რომ ამ პოლიტ-ბიზნესის საკეთებლად შეიქმნა სახელმწიფო კომპანია –  სს სოფლის მეურნეობის კორპორაცია. როგორც სოფლის მეურნეობის კორპორაციის სიმინდის პროგრამის ვებგვერდზე შეგვიძლია გავარკვიოთ, პროგრამის რიგით პირველი მიზანი ყოფილა, გაზარდოს სიმინდის მოსავლის მოცულობა ისე, რომ ქვეყანამ შეძლოს თვითუზრუნველყოფა ქვეყნის შიგნით წარმოებული სიმინდით. 

აბა, საბჭოთა კავშირი არ ვარგოდაო? თვითუზრუნველყოფის იდეა ბაზრის ხელოვნურად ჩაკეტვის გარეშე ხომ აბსურდულია. ღია ბაზრის პირობებში მნიშვნელობა არ აქვს, რას რამდენს ვაწარმოებთ. მთავარია, შევძლოთ რამე სხვაზე უკეთესად გავაკეთოთ, რისი გაყიდვითაც მიღებული შემოსავლით ვიყიდით იმას, რის კეთებას ჩვენზე უკეთესად ანუ იაფად ვინმე სხვა ახერხებს. საქართველოში ავტომობილებს რომ არ ვაწყობთ, ყველამ იცის, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენს ექსპორტში, ბოლო ექვსი თვის მდგომარეობით, ავტომობილები პირველ ადგილზეა და 300 მილიონ ლარზე მეტს, მთელი ექსპორტის 22%-ს შეადგენს. როგორ მოვახერხეთ სს ავტომობილების სახელმწიფო კორპორაციის გარეშე ასეთი შედეგის მიღება?

თუ კორპორაცია დაარსდა იმიტომ, რომ გლეხები და საქმოსნები, ბოდიში და, უტვინოები და უსაქმურები არიან, არ შეუძლიათ საქმის „მსოფლიო სტანდარტების” შესაბამისად კეთება, რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალ არ ჩაითვლება, რომ გოჭების ან ბოჩოლების მწარმოებლებიც არ უქნია ღმერთს და არ გადავწყვეტთ ახალი კორპორაციის შექმნას?

სუბსიდირება, რაც ერთი მოქალაქისათვის ფულის წართმევას და მეორისათვის ჩუქებას ნიშნავს, ამორალური ქმედებაა. სუბსიდირების ეკონომიკური შედეგიც შესაბამისად უვარგისია, რადგან ადამიანები არასწორ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. იქნებ ვცდები, მაგრამ მგონია, რომ სოფლის მეურნეობა ეფექტიანი შეიძლება გახდეს, თუ დაიწყება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, რაც სამუშაო ძალაზე მოთხოვნას მკვეთრად შეამცირებს. წარმოვიდგინოთ, რომ ეს პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების სუბსიდირების ხარჯზე არაბუნებრივად სწრაფად განვითარდა.

აღმოჩნდება, რომ სოფლის მეურნეობას ბევრმა ადამიანმა იმაზე სწრაფად უნდა დაანებოს თავი და ეკონომიკის სხვა სექტორებში გადაინაცვლოს, ვიდრე ეს ბუნებრივად მოხდებოდა. ანუ ადამიანებს ხელოვნურად ვუბიძგებთ ეკონომიკის სხვა სექტორებისაკენ. შედეგად, ამ ადამიანების დასაქმების შანსი ბუნებრივზე ნაკლები იქნება და ესეც ახალი პოლიტიკური პრობლემა გახდება. შემდეგ კვლავ შეერკინებიან ხალხზე ზრუნვით დამაშვრალი პოლიტიკოსები და იკამათებენ, როგორი და რამდენი დახმარებაა საჭირო ადამიანებისათვის, რომელიც მათმა ჰიპერაქტივობამ უმუშევარი დატოვა. ამას ისევ დიზელის დარიგება ჯობია. 
 

კომენტარები