ახალი მიმდინარეობა – ქართული ფეხბურთი

მსოფლიოში ფეხბურთის მრავალი ნაირსახეობა არსებობს. სპორტის უპოპულარულესი სახეობის ისტორიაზე გადაღებულ უამრავ დოკუმენტურ ფილმში მოყვანილია მსგავსი თამაშის არაერთი რეკონსტრუირებული მაგალითი.

ზოგი მკვლევარი, ბერძენ ანტიფანეზე (ძვ.წ. 388-311) დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ თანამედროვე ფეხბურთი სათავეს იღებს ანტიკურ საბერძნეთში პოპულარული „ეპისკიროსიდან”, რომელიც მოგვიანებით რომაელებმა დახვეწეს და “ჰარპასტუმი” დაარქვეს.
არსებობენ ისეთებიც, ვინც ამტკიცებს – “ჩან კუი ცეს” ტრაქტატის მიხედვით, ამ თამაშს “კუჯუ” ჰქვია, ყოველივე ეს ჩინელთა მოგონილია და მერე თვითონ გადაავიწყდათ საკუთარი ნააზრევიო! თუმცა  მეზობლებს, იაპონელები ედავებიან – “რის კუჯუ რა კუჯუ, მაშ ჩვენი კემარი რაღააო?!” ანუ, მიმინოსი არ იყოს – Сначала думай, потом говори! 
შესაძლოა, ფეხბურთი წარმოიშვა აცტეკებისა და მაიას ტომებში პოპულარული “ულამალიტცლიდან” და “პიტციდან”, სადაც მოთამაშეები დამრგვალებულ ქვას მუხლებითა და იდაყვებით ურტყამდნენ სანუკვარი ხვრელის მიმართულებით, დამარცხებულთა (ზოგჯერ, გამარჯვებულთა) კაპიტანს კი ღმერთებს წირავდნენ...
უილიამ ფიტცსტივენი XII საუკუნეში ფეხბურთის („ლა სულეს”) ინგლისში შემოტანას ნორმანთა ლაშქრობას უკავშირებს, სხვა ვერსიით კი, ესაა XVI ს. ფლორენციური თამაშის („კალჩო სტორიკო”) გამოძახილი...
მოკლედ, ვერსიები მრავლადაა, ისევე როგორც ფეხბურთის დღემდე შემორჩენილი ადგილობრივი ვარიაციები: ავსტრალიური (ოვალურ მინდორზე სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებითა და მუშტით პასებით), ამერიკული (ჩაფხუტებიანი რაგბი), კანადური (ამერიკულის მსგავსი), ირლანდიური (გრძელი რაგბი) და სხვა...
სასიხარულოა, რომ ახლა მსოფლიო მარაქაში ჩვენც გავერიეთ – უკანასკნელ წლებში თანდათან იხვეწება და საერთაშორისო არენაზე გადის “ქართული ფეხბურთი”!
წესები ორიგინალურია და ანალოგი არ მოეძებნება: 
– მოთამაშეებს სასტიკად ეკრძალებათ პარტნიორისათვის ზუსტი პასის მიწოდება;
– ბურთი, მიღებისთანავე აუცილებელად უნდა მოიშოროთ – რაც უფრო შორს და უმისამართოდ დაარტყამთ, მით უკეთესი;
– მეტოქის ნახევარზე გადასვლა მკაცრად ლიმიტირებულია, ისევე როგორც კუთხურის მოპოვება და მით უმეტეს ჩამოწოდება;
– კარში დარტყმაც არაა მთლად მისასალმებელი, მაგრამ თუ ღმერთი გაგიწყრათ და შემთხვევით ეს “მოახერხეთ”, უმალ საკუთარ საჯარიმოში უნდა დაბრუნდეთ და მეორედ მსგავსი შეცდომა აღარ გაიმეოროთ;
იმისათვის, რომ საფეხბურთო მსოფლიომ აღიაროს “ქართული ფეხბურთი”, მუხლჩაუხრელი შრომა და საფეხბურთო წესების გარკვეული მოდიფიკაციაა საჭირო. ურიგო არ იქნება, სამწვრთნელო შტაბში ერთი-ორი ასტროლოგის დამატება. ამას წინათ, ჩემმა მეგობარმა მიშა ცაგარელმა თქვა “ტელევიზორში” – მეტოქე გუნდის დაბადების დღე მითხარით და გეტყვით როდის და რა შედეგით ვეთამაშებითო. ამ ყველაფერს თემურ ქეცბაიას იღბალიც თუ დაემატება, შეიძლება გუნდში ფეხბურთელები საერთოდ არც დაგვჭირდეს!
ჯერჯერობით, უცხოელები სწორებას ბარსელონასა და მანჩესტერზე აკეთებენ, რადგან ხვდებიან, რომ ჩვენი თამაშის ათვისება გაცილებით ძნელია! თავად განსაჯეთ: რა უნდა მთელს მოედანზე ბურთის გაუთავებელ გორებას და პარტნიორისთვის ზუსტად ფეხებში მიწოდებას (ბარსა), ან ინგლისურ ყაიდაზე, ფლანგების გამოყენებით, სწრაფ ტემპში გადაადგილებასა და მეტოქის მისსავე ნახევარზე შებოჭვას?! ამას ხომ ყველა მოახერხებს?!
ჩვენ კი სრულიად განსხვავებულად ვთამაშობთ და აკი შედეგსაც ვაღწევთ! თბილისში ხორვატების კარში ერთხელ დავარტყით ზუსტად და 1:0 მოვიგეთ... ახლოს ვიყავით მიზანთან სპლიტშიც! გუნდმა ყველაფერი ზედმიწევნით კარგად გააკეთა: კუთხური საერთოდ არ მოგვიწოდებია, კარში დარტყმებში კვლავ 100%-იანი შედეგი გვქონდა – 1/1, მეტოქეს 19-ჯერ დავარტყმევინეთ და მხოლოდ 2 გოლი გავუშვით. მეტი რაღა უნდა გვექნა?! ანგარიში გატანილი გოლებით კი არა, პროცენტული ნიშნით რომ განისაზღვრებოდეს, ჩვენ უკვე დაბევებული გვექნებოდა ფინალური ეტაპის საგზური. ასეთი მატჩის რეპორტაჟის წაყვანაც შედარებით ადვილია – კომენტატორს ყველაზე ხშირად უწევს ემოციურად დაყვირება: “გადავრჩით!”
თუმცა, სპლიტში, არსებული არასრულფასოვანი წესებითაც კი, შეგვეძლო მოგება. უბრალოდ, საჭირო იყო, რომ მასპინძლებს იმ ორ საგოლე შეტევაშიც ძელისთვის მოერტყათ (წინა 3 მომენტის მსგავსად) ან უკიდურეს შემთხვევაში ლორიასთვის მაინც... 
რას იზამ?! როგორც ამბობენ, ფეხბურთი სწორედ იმითაა საინტერესო, რომ უძლიერესი ყოველთვის ვერ იმარჯვებს! 
 

კომენტარები