არჩევნები 2020

მარგველაშვილი მოლაპარაკებებზე: ოპოზიციაში გამოცდილი ხალხია, შეძლებენ პოზიციის ჩვენებას

facebook.com/PresidentMargvelashvili

"მიმაჩნია, რომ ოპოზიციური სპექტრიდან ამ მოლაპარაკებებში გამოცდილი პოლიტიკოსები მონაწილეობენ და ისინი შეძლებენ თავისი პოზიციის ნათლად ჩვენებას და გაზიარებას". – ამბობს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ტვ პირველის ეთერში, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.

"მთავარია, რომ ყველამ გაითავისოს, მოლაპარაკებები, რომლებიც ხდებოდა და მოხდება ამიერიდან, ორ განსხვავებულ თემაზეა. აქამდე, ერთი მხრივ, ოპოზიცია იყო თავისი მოთხოვნებით, ხოლო მეორე მხრივ, იყო ქართული ოცნება, რომელიც ვაჭრობდა მანდატებით, შევიდოდნენ თუ არა და დაფიქსირდებოდა თუ არა ოპოზიციური მანდატები.

ეს რეალობა დამთავრდა. დღეს უკვე შემდგარია, სამწუხაროდ, ერთაპრტიული პარლამენტი და, რა თქმა უნდა, ამ ძალიან ღრმა დემოკრატიულ კრიზისს, მოულოდნელს, ახლა ამას მარტივად ვარქმევთ კრიზისს და ვიწყებთ მოლაპარაკებებს ახალი სათაურით, ესაა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმები". – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ამავე ეთერში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ის მძიმედ განიცდის და ეგონა, რომ ერთპარტიულობა საქართველოში ისტორიას ჩაბარდა.

11 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, ხვალ, 14 დეკემბერს უნდა გაიმართოს. ჯერჯერობით არცერთი შეხვედრიდან დეტალებზე არცერთ მხარეს არ უსაუბრია.

კომენტარები