არჩევნები 2020

კობახიძე: დღეს ან ხვალ შედგება ბოლო რაუნდი, რადგან ზეგ პარლამენტის პირველი შეკრებაა

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს ან ხვალ, 10 დეკემბერს, ფასიილიტატორი ელჩების მონაწილეობით, ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი გაიმართება, მიზეზად კი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია, როგორც თავად კობახიძე განმარტავს, ზეგ, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველი შეკრებაა.

კობახიძე უკვე შემდგარი შეხვედრების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ საუბარი ეხება ორი სხვადასხვა მიმართულების "ფუნდამენტურ" ცვლილებებს – " ესაა არჩევნების ადმინისტრირება და საარჩევნო სისტემის სხვადასხვა საკითხი. ყველა მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებებია და წარდგენილის ოპოზიციის წინაშე. იმედია, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება". – ამბობს კობახიძე.

ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების შტაბში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პარლამენტის პირველივე შეკრებაზე 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას უმრავლესობა დააინიცირებს.

ამავე ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძის ცნობით, საპარლამენტო მანდატებს ვერ მიიღებენ ის დეპუტატები, რომლებიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერების ამბოხის სცენარს. მისივე თქმით, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები.

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებები ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა.

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ.

კომენტარები