არჩევნები 2020

ელისაშვილი: თუ გაწიკწიკებული საარჩევნო წესები მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ

რუსთავი 2

პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, თუკი ელჩებთან მოლაპარაკებებიდან საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით მისთვის მისაღებ შეთანხმებას მიიღებენ, ის პარლამენტში შევა. ამის შესახებ ელისაშვილმა Facebook live-ში ისაუბრა. 

მისივე თქმით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდეს, რომელსაც მოქალაქეები ენდობიან.

"მე მწამს, რომ გვაქვს ახლა მომენტი, შესაძლებლობა, რომ იმ მოლაპარაკებებიდან ეს გამოვიტანოთ - საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები. ეს არის ეროვნული ამოცანა. პირდაპირ გეუბნებით, თუ მე იქედან ეს დოკუმენტები მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ, რა თქმა უნდა. ისე გახადეს, რომ გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო, პარლამენტში თუ შევალ. ესე ტყუილად პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით, არც შევდივარ, ერთი თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს". – ამბობს ელისაშვილი. 

ამ დრომდე ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. მათ შორის კიდევ ერთი შეხვედრა დღეს, ან ხვალ, 10 დეკემბერს გაიმართება. 

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ.

კომენტარები