ვენესუელა

ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს

AP

6 დეკემბერს ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს ვენესუელის ოპოზიცია ხუან გუაიდოს ლიდერობით.

ამ სახით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტი ნიკოლას მადუროს ვენესუელის სოციალისტური პარტიის წევრებით დაკომპლექტდება, რის შედეგადაც პარლამენტიც მადუროს რეჟიმის გავლენის ქვეშ მოექცევა. კრიტიკოსთა აზრით, ამის შემდეგ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ აღარ იარსებებს.

მიმდინარე წელს მადუროს ერთგულმა უზენაესმა სასამართლომ ახალი საარჩევნო კომისია დაამტკიცა. კომისიის წევრებიდან სამი აშშ-სა და კანადის სანქციების ქვეშაა. საარჩევნო კომისიის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიუღია პარლამენტს, მიუხედავად იმისა, რომ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა სავალდებულოა.   

6 დეკემბრის არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში ხუან გუაიდოს ოპოზიციური მოძრაობის ინიციატივით ვენესუელაში რეფერენდუმი ჩატარდება. რეფერენდუმში დასმული საკითხები მადუროს მმართველობის დასრულება და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება იქნება.

შაბათს აშშ-ს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ ვენესუელის არჩევნები გაყალბებული იქნება.

"ეს არჩევნები ემსახურება მხოლოდ მადუროს ძალაუფლებაში დარჩენას და არა ვენესუელის ხალხისთვის უკეთესი მომავალის შექმნას... აშშ გააგრძელებს ვენესუელაში თავისუფლების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და ნამდვილად სამართლიანი არჩევნების ურყევ მოთხოვნას." - წერს საბჭო Twitter-ზე.

ვენესუელის არჩევნების ცნობას არ აპირებს საქართველოც. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე განცხადება გაავრცელა:

"ღრმად შეშფოთებულები ვართ ვენესუელაში მრავალგანზომილებიანი კრიზისის კიდევ უფრო გამწვავებით. საქართველო არ ცნობს 6 დეკემბრის გაყალბებული არჩევნების შედეგებს. ჩვენ ვენესუელელი ხალხის, ხუან გუაიდოს, ვენესუელის ნაციონალური ასამბლეის გვედით ვდგავართ თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მათ სწრაფვაში," - ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროკავშირს ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები არ გაუგზავნიამადურომ 6 დეკემბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად ევროკავშირის მისია სექტემბერში მიიწვია, რაც ორგანიზებისათვის საკმარისი დრო არ არის. საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად მისია რამდენიმე თვით ადრე იგზავნება, რათა შეაფასოს, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და როგორი პირობებია შექმნილი ქვეყანაში.

ამის გამო, მადუროს ხელისუფლებას ვენესუელის ოპოზიციაც აკრიტიკებს. არჩევნების გადადებაზე მადურო უარს ამბობს და აცხადებს, რომ კონსტიტუცია მას ავალდებულებს არჩევნები 6 დეკემბერს ჩაატაროს.

ამავდროულად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მანდატი გაუხანგრძლივა გამომძიებლებს, რომლებიც ვენესუელაში ადამიანების გაუჩინარების, წამებისა და მკვლელობის საქმეებს იძიებენ.

სექტემბერში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოთხ პირს ვენესუელის საარჩევნო პროცესში ჩარევისა და დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრისთვის სანქციები დაუწესა. მათ ადანაშაულებენ ნიკოლას მადუროს მთავრობის დახმარებაში, იმისათვის, რომ დეკემბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ გაიმართოს.

დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მადუროს რეჟიმმა განაცხადა, რომ 100-ზე მეტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეიწყალეს, მათ შორის, 20-ზე მეტი კანონმდებელი, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი მას, როგორც ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, უნდა დაეკავებინა.

50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა, ის ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გამო ბოლო წლებში ვენესუელა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდობს, რომ წელს ვენესუელას მშპ 25%-ით შემცირდა, ინფლაციამ ქვეყნის ეროვნული ვალუტა, ბოლივარი, უკიდურესად გააუფასურა.

კომენტარები