არჩევნები 2020

შსს: აქციაზე დააკავეს 19 პირი, დაშავდა 14-მდე სამართალდამცავი, 10-მდე მონაწილე, 3 ჟურნალისტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 8 ნოემბერს, ცესკოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე 14-მდე სამართალდამცავი, მედიის 3 წარმომადგენელი და 10-მდე აქციის მონაწილე დაშავდა. ამის შესახებ შსს-ს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ნაწილი კი კლინიკაშია გადაყვანილი. 

როგორც საბანაძე ამბობს, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე 19 პირი დააკავეს.  

რაც შეეხება, აქციის წყლის ჭავლით დარბევას, შსს ამტკიცებს, რომ უწყებამ წყლის ჭავლი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ზედმიწევნით დაცვით და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოიყენა. 

"გუშინ თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა პროტესტი გაცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე პოლიცია მობილიზებული იყო და უზრუნველყო პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მშვიდობიანი ფორმით ჩატარება. 

საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის შემდეგ მონაწილეებმა გადაინაცვლეს ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოარღვიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ საგნებს და სცადეს უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცესკოს შენობაში. ძალადობრივი ქმედების შედეგად დაზიანდა სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და შსს-ს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები. აქციის მონაწილეები პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, აგრძელებდნენ უკანონო ქმედებას, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც შსს-მ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ზედმიწევნით დაცვით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოიყენა სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი". – ამბობს საბანაძე. 

მისივე განმარტებით, წყლის ჭავლის ხელმეორედ გამოყენება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აქციის მონაწილეებმა "კვლავ განაგრძეს ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა". 

"ისინი რკინის ხელკეტებით, ქვებით, ბლაგვი საგნებით, ცეცხლმოკიდებული ნივთებით ჯგუფურად თავს ესხმოდნენ სამართალდამცავებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ მათ მოთხოვნას. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს გატაცეს სპეციალური საშუალება - ფარი. 

პოლიციის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ისინი ძალადობრივად აგრძელებდნენ ქმედებებს, რითიც საფრთხეს უქმნიდნენ, როგორც პოლიციელებს, ისე სხვა მოქალაქეებს. აღნიშნულის აღსაკვეთად პოლიციამ კვლავ გამოიყენა წყლის ჭავლი". – ამბობს საბანაძე. 

ოპოზიცის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან გუშინ, 15:00 საათზე შეიკრიბნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათ მთავარი მოთხოვნები წამოაყენეს. ოპოზიციამ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. მათ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცეს და წამზომი ჩართეს.

მას მერე, რაც ხელისუფლებამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ოპოზიციამ ხალხს სამოქმედო გეგმა გააცნო - მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე ცესკო-ს შენობაში ვერავინ შევიდოდა და ვერავინ გამოვიდოდა.

მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. მათი ნაწილი რკინის ჯებირებზე ქვებს აბრახუნებდა. ჯებირებს მიღმ სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და ტექნიკა იდგა. მომიტინგეები ძალოვნებმა წყლის ჭავლით დაშალეს. უწყებამ გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დანაშაულად და უსაფუძვლოდ შეფასდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. აქტივისტები ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არავის მოუწოდებია.

არალელურად, ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ "როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია."

რუსთაველიდან ფეხით მომავალი ოპოზიციის ლიდერებისა და პროტესტტის სხვა მონაწილეების შემოერთებიდან მალევე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება განაახლა. აქტივისტების დასარბევად იყენებდნენ ხელკეტებსაც. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ გაუშვეს აირიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.

დარბევის დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები. 

მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავენ. 

8 ნოემბერი – აქციის დარბევის ქრონოლოგია იხილეთ აქ.

პარლამენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიცია, მხარდამჭერებთან ერთად, დღეს, 10 ნოემბერს, 18:00 საათზე კვლავ შეიკრიბება. 

კომენტარები