არჩევნები 2020

კაპანაძე: გლდანში ჩვენს წარმომადგენელს იარაღი დაადეს, ფული დაარიგეს მთაწმინდაზე, გორში

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას მრავალი დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის, ფულის დარიგების შემთხვევები. მან აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა აქტივობა არის ერთადერთი გზა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად.

"მინდა, ხაზი გავუსვა იმ დარღვევებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მთელი დღის განმავლობაში და რომელთაც ვადევნებთ თვალს. ვნახეთ ძალადობა, ზეწოლა, გლდანში ჩვენს წარმომადგენელს, ქალბატონს, იარაღი დაადეს მუცელზე დაშინების გზით. ეს არის აგონია ხელისუფლების მხრიდან.

ჩვენ გვაქვს ორი მასალა, რაც აჩვენებს იმას, თუ როგორ ჩააფლავეს არჩევნებიც პრაქტიკულად, მაგრამ თვითონ მარცხდებიან ამ არჩევნებში. 

დედოფლისწყაროში, მე-18 უბანზე, ადამიანები ხმას აძლევენ კაბინის გარეთ, იქვე რეგისტრატორთან და სავარაუდოდ ჩანს, რომ ისინი ხაზავენ 41-ს დაკვირვების ქვეშ. ეს არის ღია და უმძიმესი დარღვევა და ჩვენ მოვითხოვთ, რომ შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს ამ ფაქტს.

დღეს ჩვენ ასევე გვქონდა შემთხვევები, თუ როგორ არიგებდნენ ფულს, ეს იყო გორში, მთაწმინდაზე და ახლა არის ასეთი შემთხვევა დედოფლისწყაროს მე-10 უბნიდან, სადაც ჩვენი ერთ-ერთი წარმომადგენელი პირდაპირ ეუბნება ამ ადამიანს, თუ რა ფულია ეს და მან უპასუხა, რომ ქართულმა ოცნებამ მისცა ეს ფული ხმის სანაცვლოდ.

ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ ასეთი ტიპის დარღვევები ძალიან ბევრია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ფაქტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, თუმცა ამომრჩეველთა აქტიურობა არის იმის გარანტია, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება ამ არჩევნებში.“ - განაცხადა კაპანაძემ.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები