უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის წესი

ვენეციის კომისია: დასანანია, რომ პარლამენტი კანონპროექტზე დასკვნას არ დაელოდა

ტაბულა

ვენეციის კომისიამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

შესაბამისი მოთხოვნით საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიას 22 სექტემბერს მიმართა, თუმცა, დასკვნას არ დაელოდა და ცვლილებები 30 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო. 

8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი სრულად არ ითვალისწინებს კომისიის წინა რეკომენდაციებს, თუმცა, ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით, კომისია ასკვნის, რომ მიღებული ცვლილებები სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ არასაკმარისი. 

ეს უკანასკნელი ნაწილი ეხება, ერთი მხრივ, მოსამართლეობის კანდიდატებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კენჭისყრის ფარულობის გაუქმებასა და, მეორე მხრივ, მიცემული ხმის წერილობითი დასაბუთების ვალდებულების შემოტანას. 

თუმცა კომისიას მიაჩნია, რომ იმისათვის, რომ სრულად შესრულდეს რეკომენდაცია, საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უზრუნველყოფის შესახებ დამატებით საჭიროა:

1. კანდიდატისთვის მიცემული ხმისა და დასაბუთების გასაჯაროებასთან ერთად, გასაჯაროვდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრის ვინაობა, რომელსაც ეს ხმა და დასაბუთება ეკუთვნის;

2. გათვალისწინებულ იქნეს მეორე და საბოლოო გასაჩივრების შესაძლებლობა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული მეორე გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

ვენეციის კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2019 წელს მიღებულ დაჩქარებულ დასკვნაში მიცემული სხვა რეკომენდაციები ამ შესწორებებში არ არის ასახული და საჭიროებს შესრულებას. 

დასკვნის ბოლოს ვენეციის კომისია დანანებით აღნიშნავს ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა ეს შესწორებები მესამე მოსმენით 2020 წლის 30 სექტემბერს მიიღო – მათ მიერ დასკვნის გამოქვეყნებამდე 8 დღით ადრე. 

"ვენეციის კომისიისთვის სამწუხაროა, რომ შესწორებები პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით 2020 წლის 30 სექტემბერს მიიღო, თუმცა, ამავდროულად რჩება საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში ამ საკითხზე შემდგომი დახმარების გასაწევად". – წერია დასკვნაში. 

იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტი კანონის მისაღებად ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდა, წუხილი გამოთქვა ევროკავშირმაც. 

"ევროკავშირმა და სხვა საკვანძო დამკვირვებლებმა არაერთგზის გამოხატეს თავიანთი წუხილი მოსამართლეების შერჩევის პროცესის ნაკლოვანებებზე. 

სამწუხაროა, რომ პარლამენტი ამ კანონის მიღებამდე არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც თავად მოითხოვა და რომელიც რამდენიმე დღეში უნდა გამოქვეყნდეს. ეს გაშვებული შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ამ პროცესში უფრო დიდი საჯარო ნდობა შექმნილიყო. 

ევროკავშირი შეაფასებს ამ კანონსა და მის გავლენას და მხედველობაში მიიღებს ვენეციის კომისიის მომავალ დასკვნასაც. ევროკავშირი ელოდება, რომ საქართველო მომავალშიც განიხილავს შერჩევის წესებს ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით. 

მართლმსაჯულებაში ეთიკისა და პატიოსნების უმაღლესი სტანდარტების დაცვა საკვანძოა საქართველოს სანდოობისათვის საკუთარი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალში, ისევე, როგორც ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობის განვითარებისთვის". – წერია ევროკავშირის განცხადებაში

ვენეციის კომისიის დასკვნას კი გამოეხმაურნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი). მათ, ევროკავშირის მსგავსად, წუხილი გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ პარლამენტი არ დაელოდა დასკვნას და პარტიებს მოუწოდეს, ახალი პარლამენტის მოწვევისთანავე განიხილონ ვენეციის კომისიის მოსაზრებები. 

კომენტარები