UN ყარაბაღის კონფლიქტზე: აზერბაიჯანს და სომხეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ

გაერო სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და სასწრაფოდ გააგრძელონ მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე. 

მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ, რომ ისინი ხელს უშლიან მოლაპარაკებების გაგრძელებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბაქო მზადაა კონფლიქტის გადაჭრაზე მოლაპარაკებისთვის, თუმცა, ის სომხეთს ადანაშაულებს ამ პროცესის ხელის შეშლაში - "სომხეთის პრემიერმინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ ყარაბაღი სომხეთის ნაწილია, წერტილი. ამ შემთხვევაში, რა ტიპის მოლაპარაკების პროცესზე შეგვიძლია ლაპარაკი?"

მისივე თქმით, ამით დაირღვა მინსკის შეთანხმება, რომლის თანახმადაც, "მთიანი ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკის გარშემო არსებული ტერიტორიები აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს". 

ნიკოლას ფაშანიანის განცხადებით, "რთულია მოლაპარაკებებზე საუბარი... როდესაც კონკრეტული სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს".

მისივე თქმით, კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა გამოსავალი არ არის და აზერბაიჯანს კომპრომისზე წასვლისკენ მოუწოდა - "თუმცა, აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის წინააღმდეგ აგრესია. ჩვენ ამას ჩვენი ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ აღვიქვამთ, ჩვენ ამას აღვიქვამთ სომეხი ხალხის წინააღმდეგ ომის გამოცხადებად და ჩვენი ხალხი ახლა უბრალოდ იძულებულია, გამოიყენოს თავდაცვის უფლება".

თურქეთი და აზერბაიჯანი უარყოფენ სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თურქეთის F-16-მა სომხეთის SU-35 ჩამოაგდო. 

სომხეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა 29 სექტემბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლი გაუხსნა ყარაბაღის რეგიონის გარეთ მდებარე სომხურ ქალაქ ვარდენისს, რის შედეგადაც სულ მცირე 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, უპილოტო დრონით ცეცხლი გაუსხნეს სამოქალაქო ავტობუსს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ვარდენისიდან სომხეთმა საარტილერიო შეტევა დაიწყო აზერბაიჯანის დაშქესანის მიმართულებით, რასაც სომხეთი უარყოფს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ 27 სექტემბრის შემდეგ სომხეთის თავდასხმის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აზერბაიჯანელ სამხედროებში მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რეგიონში 95 ადამიანი დაიღუპა, მათგან 11 მშვიდობიანი მოქალაქე.

კომენტარები