გაბუნია: ამოქმედდა COVID-სასტუმროები – შუალედური ეტაპი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ამოქმედდა ე.წ COVID-სასტუმროები, რაც გარკვეულწილად შუალედური ეტაპია ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის. მისივე თქმით, პირები, რომლებიც 19-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში არიან და რომლებსაც აქვთ მსუბუქი კლინიკური მდგომარეობა თანმხლები ქრონიკული დაავადებების გარეშე, გადაყვანილნი იქნებიან COVID-სასტუმროებში.

"ამოქმედდა ე.წ COVID-სასტუმროები. ეს არის გარკვეულწილად შუალედური ეტაპი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის. მოგეხსენებათ, დღეს მთელ მსოფლიოში უკვე კარგად არის აპრობირებული ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა.

საქართველოში, ჩვენ იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა გვქონდა, ვარჩიეთ შემთხვევების ჰოსპიტალური მართვა. ამ მიმართულებით კლინიკური გამოცდილება ბევრი დაგროვდა და დღეს უფრო თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ ჰოსპიტალის გარეთ შემთხვევების მართვაზე.

დღევანდელი პროტოკოლით, პაციენტი, რომელიც არის მსუბუქი კლინიკური მდგომარეობით, 19-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, არ აქვს რომელიმე ქრონიკული თანმხლები დაავადება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის გართულება და გააუარესოს მისი მდგომარეობა, გადაყვანილი იქნება ე.წ. COVID-სასტუმროში, სადაც მას გაუგრძელდება სამედიცინო მეთვალყურეობა, ვინაიდან პრაქტიკულად, ასეთ შემთხვევაში პაციენტს აქტიური სამედიცინო ჩარევა არც სჭირდება. მას სჭირდება იზოლაცია, სიმშვიდე. ეს პირობები შექმნილია COVID-სასტუმროებში, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ ჩვენ შუალედური რგოლი გავიაროთ, მივიღოთ ასეთი გამოცდილება და შემდეგ უფრო თამამად ვისაუბროთ ბინაზე მართვის პრაქტიკაზე". – აღნიშნავს თამარ გაბუნია.

დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია, მათგან 109 აჭარასა და ბათუმს უკავშირდება, 17 - თბილისს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები