გერმანიის მთავარი ვირუსოლოგი Covid-19-ზე: 5-დღიანი კარანტინი საკმარისია

პროფესორი კრისტიან დროსტენი, რომელიც გერმანიაში ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლას უდგას სათავეში NDR-ის პოდკასტში ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის საკარანტინო პერიოდი უნდა შემცირდეს.

ამჟამად, ინფექციის რისკის არსებობის შემთხვევაში, საკარანტინო დროდ 14 დღეა მიჩნეული, თუმცა დროსტენი ამბობს, რომ კვლევების მიხედვით, 5 დღის შემდეგ გადამდები აღარ არის.

"უკვე არსებობს, ასე ვთქვათ, მკვეთრად გამოხატული თეზისი. 5 დღის შემდეგ ვამბობთ, რომ ინფექციური პერიოდი დასრულებულია". – თქვა მან.

დროსტენს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გადაიაზროს კარანტინის პერიოდის ხანგრძლივობა და ის ჩაკეტვაში არ გადაიზარდოს.

"სკოლების კლასების, სამუშაო ადგილების კვირების განმავლობაში კარანტინში მოქცევას არაფერი მოაქვს". – ამბობს ის.

გერმანიის მთავარი ვირუსოლოგის თქმით, 5-დღიან კარანტინში მყოფებს ამ დროის განმავლობაში ტესტები არ უნდა ჩაუტარდეთ. მისი თქმით, ტესტი მხოლოდ 5 დღის გასვლის შემდეგ უნდა ჩატარდეს და ის აჩვენებს არის თუ არა პირი ინფიცირებული ან გადამდები.

დროსტენის შეთავაზებას ემხრობიან გერმანიის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

გერმანიის სოციალ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი და კელნის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომიკის და ეპიდემიოლოგიის პროფესორი, კარლ ლაუტერბახი მიიჩნევს, რომ 14-დღიანი კარანტინის პრაქტიკა უნდა გადაიხედოს და მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს სამეცნიერო მონაცემები.

"თუ კარანტინის ვადა 5 დღემდე შემცირდება, სოციალური მიმღებლობა ამ ზომის მიმართ ბევრად უფრო მაღალი იქნება. ჩვენ ვიცით, რომ სიმპტომების გაჩენიდან 5 დღის შემდეგ ადამიანების უმეტესობა ვირუსის გადამდები არ არის, მაშინაც კი, თუ "პისიარ" ტესტი კვლავ დადებითია". – თქვა მან Die Welt-თან ინტერვიუში.

კანცლერ ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიულ პარტიაში კი ამბობენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს კვლევა, რომელსაც გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრო და რობეტ კოხის ინსტიტუტი ატარებენ. კვლევის მიზანია, შეაფასონ არსებული საკარანტინო სიტუაცია და ევროპელ პარტნიორებთან ერთად ანგარიში წარადგინონ. კვლევის შედეგად, შესაძლოა, საკარანტინო პერიოდი შემცირდეს.

კომენტარები