პატრიოტთა ალიანსი

ოკუპირებულ აფხაზეთში პატრიოტთა ალიანსის ნაჩუქარი ხატი არ მიიღეს და ენგურზე მიიტანეს

Apsny

პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის მიერ ნაჩუქარი ხატი ოკუპირებულ აფხაზეთში არ მიიღეს და ენგურთან მიიტანეს.

ხატი მიიტანეს ენგურის პუნქტზე და გადასცეს ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის დაცვას. როგორ დაიბრუნებს ხატს პატრიოტთა ალიანსი, ეს მათი გადასაწყვეტი იქნება.

ოკუპირებული აფხაზეთის მედია წერს, რომ ადგილობრივი ორგანიზაციის "არუაას" წარმომადგენლების და ოკუპირებული აფხაზეთის მართლმადიდებელი ე.წ. ეკლესიის წარმომადგენლებმა ორგანიზება გაუწიეს ხატის დაბრუნებას.

"თქვენ ჯერ არ იცით, ხატი რა მიმართულებას აიღებს, მე გეუბნებით, რომ ხატი დარჩება აფხაზეთში" - ასე უპასუხა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა 4 სექტემბერს რუსთავი 2-ის ეთერში ირაკლი იმნაიშვილის კითხვას, დახვდება თუ არა ენგურის ხიდთან ხატს, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესია საჩუქრად არ იღებს და პატრიოტთა ალიანსს უკან უბრუნებს.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერები, ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ იყვნენ. ისინი დეფაქტო პრეზიდენტის, ალსან ბჟანიას თანაშემწეს, ლაშა საკანიას შეხვდნენ. ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მათ "ილორის ტაძარში ღვთისმშობლის ხატი დააბრძანეს". ადგილობრივი მედიის, Apsny PUBLIC-ის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დეფაქტო სახალხო კრებაზე მარიონეტ დეპუტატებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერები რეგიონში ვიზიტის დროს მათ სამომავლოდ ოკუპირებული ტერიტორიის დამოუკიდებლად ცნობას დაჰპირდნენ.

აფხაზეთში რამდენიმე არაღიარებული საეკლესიო დაჯგუფება არსებობს, რომლებმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრები მიითვისეს. მათ ეპისკოპოსი არ ჰყავთ. ნაწილი ავტოკეფალიის აღიარებას მოსკოვისგან მოელის, ნაწილი კი კონსტანტინოპოლისგან.

მღვდელ ბესარიონ აპლიას დაჯგუფებამ, რომლის ეკლესიამაც ნაჩუქარ ხატთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რამდენიმე წლის წინ ავტოკეფალია გამოაცხადა.

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო იურისდიქციაშია.

კომენტარები